ChatGPT სურათის შექმნა: გენერირება და ფოტოს რედაქტირება ქართულად

ChatGPT-ში სურათის შესაქმნელად დააჭირე +-ს, აირჩიე Create image და ქართულად აღწერე, რა გინდა. შენს ფოტოს რომ შეცვალო, ჯერ ატვირთე და მერე დაწერე, რა შეიცვალოს.
სურათის შექმნა ყველა გეგმაზეა, უფასოზეც, მაგრამ უფასოზე რაოდენობა შეზღუდულია. ფასიან გეგმებზე მეტ სურათს შექმნი და ხარისხიც უკეთესია.
ეს გაიდი ChatGPT ქართულად გზამკვლევის ნაწილია.
რა გჭირდება ChatGPT-ში სურათის შესაქმნელად
ChatGPT-ის ანგარიში chatgpt.com-ზე. უფასო გეგმა საცდელად საკმარისია, რეგულარული პოსტებისთვის Go ან Plus უფრო მოსახერხებელია.
კომპიუტერი ბრაუზერით ან ChatGPT-ის აპი ტელეფონზე.
ფოტოს რედაქტირებისთვის: შენი პროდუქტის მკაფიო ფოტო, კარგ შუქზე.
როგორ შექმნა სურათი ChatGPT-ში
გახსენი chatgpt.com და დაიწყე ახალი ჩატი.
წერის ველში, მარცხნივ, დააჭირე +-ს და აირჩიე Create image.
აღწერე სურათი: რა ჩანს, რა სტილით, რა ფერებით და რა ზომით. მაგალითად: „კვადრატული, 1:1, Instagram-ისთვის“ ან „ვერტიკალური, 9:16, სთორისთვის“.
გაგზავნე. სურათი რამდენიმე წამში ან წუთში გამოჩნდება ჩატში.
თუ რამე არ მოგწონს, იმავე ჩატში დაწერე, რა შეიცვალოს: „ფონი უფრო ღია გააკეთე“ ან „ტექსტი ამოიღე“.

როგორ დაწერო კარგი აღწერა სურათისთვის
რაც უფრო ზუსტად აღწერ, მით ნაკლებ ცდაში მიიღებ საჭირო სურათს. კარგ აღწერაში ხუთი რამ წერია:
რა ჩანს: პროდუქტი, ადგილი, ადამიანები ან მათი არარსებობა.
სტილი: ფოტო, ილუსტრაცია, მინიმალისტური, თბილი, ნათელი.
ფერები: შენი ბრენდის ფერები, მაგალითად „თეთრი და მუქი მწვანე“.
ზომა: 1:1 პოსტისთვის, 4:5 Instagram-ის არხისთვის, 9:16 სთორისა და რილსისთვის, 16:9 საიტის ბანერისთვის.
რა არ უნდა იყოს: ტექსტი, ლოგო, ზედმეტი საგნები.
თუ ერთი სტილი მოგეწონა, იმავე ჩატში გააგრძელე. ასე შემდეგი სურათებიც ერთ სტილში გამოვა და შენი გვერდი ერთიანად გამოიყურება.
როგორ შეცვალო სურათის ნაწილი ან შენი ფოტოს ფონი
შექმნილ სურათზე დააჭირე და გაიხსნება რედაქტორი. ზუსტი ცვლილებისთვის Select ხელსაწყო გამოიყენე.
დააჭირე სურათს. რედაქტორში აირჩიე Select და მონიშნე ის ადგილი, რომელიც უნდა შეიცვალოს.
ჩატში დაწერე, რა მოხდეს მონიშნულ ადგილზე. მაგალითად: „აქ ხის მაგიდა ჩასვი“.
საჭიროების შემთხვევაში Aspect ratio-ით ზომა შეცვალე. შედეგი რომ შეინახო, დააჭირე Save-ს.
შენი ფოტოსთვის დააჭირე +-ს, აირჩიე Add photos & files, ატვირთე ფოტო და დაწერე, რა შეიცვალოს: ფონი, შუქი ან ზომა.
მონიშვნა ყოველთვის ზუსტი არ არის და ცვლილება მონიშნულ ადგილს შეიძლება ცოტათი გასცდეს. შენახვამდე სურათი მთლიანად დაათვალიერე.
ყველა შექმნილ სურათს მარცხენა ზოლში, Images-ში იპოვი. იქიდან სურათს გადმოწერ, დააკოპირებ ან გააზიარებ.
სურათი PNG ფორმატში ჩამოიტვირთება. Instagram-ზე ან Facebook-ზე ატვირთვამდე ტელეფონში ერთხელ გახსენი და შეამოწმე, რომ კიდეები არ იჭრება და პროდუქტი ცენტრშია.
ტელეფონზე
ChatGPT-ის აპში +-ზე დაჭერით Camera, Photos და Files ჩანს. პროდუქტი იქვე გადაიღე ან გალერეიდან აირჩიე და დაწერე, რა გინდა. ახალი სურათისთვის საკმარისია დაწერო: „შექმენი სურათი...“.
როგორ გამოიყენო ბიზნესში: პროდუქტის ფოტო და პოსტის ვიზუალი
პატარა საცხობს ახალი ნამცხვრის ფოტო სჭირდება Instagram-ისთვის. ტელეფონით გადაღებულ ფოტოს ChatGPT-ში ატვირთავს და ფონს უცვლის, თავად ნამცხვარი კი უცვლელი რჩება.
ეს ჩემი ნამცხვრის ფოტოა. ნამცხვარი არ შეცვალო: არც ფორმა, არც ფერი, არც ზომა.
შეცვალე მხოლოდ ფონი: ღია ხის მაგიდა, რბილი დღის შუქი, უკან ბუნდოვანი სამზარეულო.
ზომა: 4:5, Instagram-ის პოსტისთვის. სურათზე ტექსტი არ დაწერო.ქართული ტექსტი სურათზე ზოგჯერ შეცდომით იწერება. წარწერა და ფასი ჯობია ბოლოს დაამატო Canva-ში ან ტელეფონის რედაქტორში.
საავტორო უფლებები და ბრენდი: რას მოერიდო
OpenAI-ის წესებით შექმნილი სურათი შენ გეკუთვნის, მაგრამ პასუხისმგებელიც შენ ხარ, რომ ის სხვის უფლებებს არ არღვევდეს.
სხვა კომპანიის ლოგო, ცნობილი პერსონაჟი ან ცნობილი ადამიანის სახე რეკლამაში არ გამოიყენო.
რეალური ადამიანის ფოტო მხოლოდ მისი თანხმობით შეცვალე.
პროდუქტი ისეთივე უნდა დარჩეს, როგორიც სინამდვილეშია. ფონს შეცვლი, მაგრამ პროდუქტს არ „გააუმჯობესებ“, თორემ კლიენტს შეცდომაში შეიყვან.
ChatGPT-ის სურათებს AI-ის ნიშანი აქვს (C2PA მეტამონაცემი და უხილავი ნიშანი), ამიტომ სოციალურმა ქსელმა შეიძლება ის AI-ით შექმნილად მონიშნოს.
პოსტის ვიზუალს ChatGPT-ში 5 წუთში შექმნი. კურსზე წყვეტ, რომელი შეთავაზება და რომელი არხი მოგიტანს კლიენტს, შენს ბიზნესზე.
ხშირი პრობლემები
Create image მენიუში არ ჩანს: ახალი ჩატი გახსენი ან უბრალოდ დაწერე „შექმენი სურათი...“. აპი განაახლე.
ლიმიტი ამოიწურა: უფასო და Go გეგმებზე სურათების რაოდენობა შეზღუდულია. ცოტა ხანში სცადე ან გეგმა შეცვალე.
პროდუქტი შეიცვალა: პრომპტში ცალკე დაწერე „პროდუქტი არ შეცვალო“ და მხოლოდ ფონი მონიშნე Select-ით.
ChatGPT სურათს არ ქმნის: თხოვნა შეიძლება წესებს ეწინააღმდეგებოდეს (მაგალითად, ცნობილი ბრენდი ან რეალური ადამიანი). აღწერა შეცვალე.
სურათი ზედმეტად „AI-ს მსგავსია“: სთხოვე „ბუნებრივი ფოტო, ტელეფონით გადაღებულის მსგავსი, ჩვეულებრივი შუქით“. ზედმეტად პრიალა სურათს კლიენტი ნაკლებად ენდობა.
ხშირი კითხვები
ChatGPT-ით შექმნილი სურათი შემიძლია რეკლამაში გამოვიყენო?
OpenAI-ის წესებით შექმნილი სურათი შენ გეკუთვნის და კომერციულადაც გამოიყენებ. მთავარია, რომ სხვის ლოგოს, პერსონაჟს ან ადამიანის სახეს არ შეიცავდეს.
უფასოდ რამდენი სურათის შექმნა შეიძლება ChatGPT-ში?
ზუსტ რიცხვს OpenAI არ აქვეყნებს და ლიმიტი იცვლება. უფასოზე რამდენიმე სურათს შექმნი, Go გეგმაზე დაახლოებით 10-ჯერ მეტს. როცა ამოგეწურება, ChatGPT გეტყვის.
ChatGPT-ში ქართული წარწერა სურათზე სწორად იწერება?
ხშირად კი, მაგრამ ასოები ზოგჯერ ირევა. მოკლე წარწერა სცადე, გრძელი ტექსტი და ფასი კი სხვა პროგრამაში დაამატე.
თვეში ერთხელ: რა შეიცვალა ChatGPT-სა და Claude-ში
ფუნქციები ხშირად იცვლება. მოკლე წერილით გაიგებ, რა შეიცვალა, რას ნიშნავს შენი ბიზნესისთვის და რომელი გაიდი განახლდა. ზედმეტი წერილების გარეშე.
დაკავშირებული გაიდები
წყაროები
ავტორის შესახებ
ნიკო თევდორაშვილი, აზრიონის დამფუძნებელი. 17+ წელი მარკეტინგის გუნდების ხელმძღვანელობაში, 100+ პროექტი 15+ სექტორში. AI უკვე 4 წელია მისი ყველა საკონსულტაციო და სასწავლო პროგრამის ნაწილია.
შემოწმებულია: 20.10.2026. ეკრანები და მენიუს სახელები დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს.



Comments