ChatGPT ქართულად: როგორ დაიწყო უფასოდ და რა გამართო პირველ დღეს

Updated: 3 days ago
ChatGPT ქართულად უფასოდ მუშაობს: შედი chatgpt.com-ზე, შექმენი ანგარიში და პირდაპირ ქართულად მიწერე. სანამ საქმისთვის გამოიყენებ, 15 წუთი დაუთმე სამ პარამეტრს: კონფიდენციალურობას, მუდმივ ინსტრუქციას და მეხსიერებას.
ამ გაიდში მენიუს სახელებს ინგლისურად ვწერთ, როგორც ეკრანზე ჩანს. აპი ხშირად ახლდება, ამიტომ თუ რომელიმე სახელი ცოტა განსხვავდება, Settings-ში ძებნით იპოვე.
ChatGPT-ის ყველა ფუნქცია: გაიდების სარჩევი
აქ ChatGPT-ის ყველა გაიდია, თემების მიხედვით. თითოეული ერთ კითხვას პასუხობს: სად არის ღილაკი და როგორ გამოიყენო ბიზნესში. ეკრანები შემოწმებულია 2026 წლის 20 ოქტომბერს.
ყველაზე საჭირო:
დაწყება და მორგება
ძიება და კვლევა
ფაილები და შენი მონაცემები
შექმნა და დავალებები
ფასები და უსაფრთხოება
მეტი
სად გადმოვწერო ChatGPT?
ChatGPT სამ ადგილას მუშაობს და ყველგან ერთი ანგარიშით შედიხარ, ამიტომ ყველგან ერთსა და იმავე ჩათებს ხედავ.
ბრაუზერში: chatgpt.com. არაფრის დაყენება არ გჭირდება.
კომპიუტერზე: Windows-ისა და macOS-ის აპი, ოფიციალური გვერდიდან: chatgpt.com/download.
ტელეფონზე: iPhone-ზე App Store-ში, Android-ზე Google Play-ში მოძებნე „ChatGPT“. აპის ავტორი უნდა იყოს OpenAI.
ანგარიშს Google-ით, Apple-ით ან ელფოსტით შექმნი.
ყურადღება: „ChatGPT ქართულად“ სახელით ბევრი უცნობი საიტი და აპი არსებობს. ზოგი პაროლს, ბარათის მონაცემებს ან ზედმეტ წვდომას გთხოვს. ChatGPT გადმოწერე მხოლოდ chatgpt.com-იდან ან ოფიციალური მაღაზიიდან.
ChatGPT ქართულად უფასოა?
დიახ. უფასო გეგმაშიც შეგიძლია ქართულად წერა, ფაილის ატვირთვა და Projects, უბრალოდ ლიმიტით. თუ ბიზნესისთვის ყოველდღე იყენებ, ლიმიტი ყველაზე სწრაფად გრძელ ფაილებზე მუშაობისას იწურება. მაშინ ფასიან გეგმაზე იფიქრე.
Free: ყოველდღიური საქმისთვის. შეტყობინებების, ფაილებისა და სურათების რაოდენობა შეზღუდულია.
Go: მეტი შეტყობინება, ატვირთვა და სურათი. OpenAI-ის გვერდის მიხედვით, ამ გეგმაში შეიძლება რეკლამა გამოჩნდეს.
Plus: 20 დოლარი თვეში. უფრო ძლიერი მოდელები, ღრმა კვლევა (deep research) და დაგეგმილი დავალებები.
Pro: დიდი მოცულობის სამუშაოსთვის, რამდენიმე დონით. ბევრად ძვირია და მცირე ბიზნესს იშვიათად სჭირდება.
ზუსტი და ახლანდელი ფასები ნახე ChatGPT-ის ფასების გვერდზე. თუ ChatGPT-სა და Claude-ს შორის ირჩევ, ნახე შედარება მცირე ბიზნესისთვის.
რამდენად კარგად წერს ChatGPT ქართულად?
ქართულს კარგად იგებს და გამართულად წერს. ზოგჯერ მაინც უცნაურ ფრაზას, კალკს ან ზედმეტად ოფიციალურ ტონს იყენებს. ოთხი მარტივი ჩვევა დაგეხმარება:
თავიდანვე მიწერე: „მომწერე ბუნებრივი, სასაუბრო ქართულით, მოკლე წინადადებებით“. უკეთესია, ეს მუდმივ ინსტრუქციაში ჩაწერო (ნახე ქვემოთ).
კლიენტისთვის დაწერილი ტექსტი (წერილი, პოსტი, ფასების აღწერა) გაგზავნამდე თავად წაიკითხე.
თუ რომელიმე ტერმინი ინგლისურად უფრო ცნობილია, სთხოვე, ფრჩხილებში ინგლისურადაც მიუწეროს.
თუ პასუხი ზოგადია, მიზეზი ხშირად ენა კი არა, კონტექსტია: AI-მ შენი ბიზნესი არ იცის. ამაზე დაწვრილებით: AI-სთან მუშაობის წესები.
პირველი პარამეტრი: გამორთე სწავლება შენს ჩათებზე
სანამ ბიზნესის ციფრებს ან ფაილებს ატვირთავ, გახსენი Settings › Data controls და გამორთე Improve the model for everyone. ასე ChatGPT-ის ახალი ვერსიები შენს ჩათებზე აღარ ისწავლის.
რა არასდროს უნდა ჩაწერო AI-ში და როგორ მუშაობს დროებითი ჩათი, ცალკე გაიდში ავხსენით: როგორ დაიცვა შენი ინფორმაცია ChatGPT-სა და Claude-ში.
როგორ გავაცნო ChatGPT-ს ჩემი ბიზნესი?
მუდმივი ინსტრუქცია ყველა ახალ ჩათში მუშაობს. ერთხელ დაწერ და ყოველ ჯერზე თავიდან აღარ მოგიწევს ახსნა, ვინ ხარ.
ქვედა მარცხენა კუთხეში დააჭირე შენს სურათს, შემდეგ Settings.
აირჩიე Personalization და ჩართე Enable customization.
Custom instructions ველში (სქრინზე 1) ჩასვი შენი ინსტრუქცია. ნიმუში ქვემოთაა.
თუ ცალკე ველებიც ჩანს, შეავსე: Nickname (2), როგორ მოგმართოს; Occupation (3), რას აკეთებ; More about you (4), შენი ბიზნესი, კლიენტები და მიზანი.
დააჭირე Save (5).

ინსტრუქციის ნიმუში. დააკოპირე და ფრჩხილებში შენი ინფორმაცია ჩაწერე:
მაქვს [ბიზნესის ტიპი, მაგ.: უბნის საცხობი თბილისში]. ჩემი კლიენტები არიან [ვინ].
1. მომწერე ბუნებრივი, მარტივი ქართულით და მოკლედ. გრძელი ტექსტი მხოლოდ მაშინ, როცა გთხოვ.
2. თუ კითხვა გაურკვეველია, ჯერ დამაზუსტებელი კითხვა დამისვი.
3. ფასი, კანონი ან ფაქტი, რომელიც შეიძლება შეცვლილი იყოს, გადაამოწმე და წყარო მიუთითე.
4. თუ რამე არ იცი, პირდაპირ თქვი. ნუ მოიგონებ.
5. ჩემს იდეას ნუ შეაქებ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემია. სუსტი მხარეც მითხარი.მოკლე და ზუსტი ინსტრუქცია გრძელს სჯობს.
მეხსიერება: რა დაიმახსოვროს ChatGPT-მ შენზე?
მეხსიერებაში ChatGPT ინახავს მნიშვნელოვან დეტალებს შენსა და შენს ბიზნესზე და მომდევნო ჩათებში იყენებს.
Settings › Personalization (სქრინზე 1).
Enable memory გადამრთველი (2) ჩართე, თუ გინდა, რომ ChatGPT-მ დაიმახსოვროს.
Memory summary-ის გვერდით Manage-ით ნახავ, რა დაიმახსოვრა. რაც არასწორია ან აღარ გჭირდება, წაშალე.

მეხსიერების პარამეტრები გეგმისა და ქვეყნის მიხედვით შეიძლება განსხვავდებოდეს. თუ რომელიმე არ ჩანს, შენს ანგარიშზე ჯერ არ არის ჩართული.
Projects: ცალკე სივრცე შენი ბიზნესისთვის
Project ერთ თემაზე ჩათებისა და ფაილების საქაღალდეა. შენი ბიზნესის აღწერას და ფაილებს იქ ერთხელ ატვირთავ და ყოველ ახალ ჩათში ChatGPT მათ თავად ხედავს. Projects ყველა გეგმაშია, უფასოში 5 ფაილის ლიმიტით.
მარცხენა მენიუში დააჭირე New project და დაარქვი სახელი, მაგალითად შენი ბიზნესის სახელი.
პროექტის სახელის გვერდით სამ წერტილზე (•••) დააჭირე, შემდეგ Project settings.
Instructions (სქრინზე 1): ჩაწერე, რისთვისაა პროექტი და როგორ იმუშაოს.
Memory (2): Default ნიშნავს, რომ პროექტი შენს საერთო მეხსიერებას ხედავს. Project-only ნიშნავს, რომ ის მხოლოდ საკუთარ ჩათებს ხედავს. ორი სხვადასხვა ბიზნესისთვის Project-only სჯობს, რომ ინფორმაცია არ აირიოს.

პირველი ბიზნეს-დავალება: სცადე ახლავე
ეს დავალება მთავარს გასწავლის: AI-ს ჯერ კონტექსტი სჭირდება, მერე კითხვა. ფრჩხილებში შენი ბიზნესის ინფორმაცია ჩაწერე:
მაქვს [ბიზნესის ტიპი] [ქალაქში]. ჩემი კლიენტები ძირითადად არიან [ვინ].
ამ თვეში მინდა [მიზანი, მაგ.: სამუშაო დღეებში მეტი შეკვეთა].
სანამ რჩევას მომცემ, დამისვი 3-5 კითხვა ჩემს ბიზნესზე. თუ მონაცემი აკლია, ნუ მოიგონებ, მკითხე.
პასუხი მომეცი ცხრილით: იდეა, რა დაჯდება, როდის ჩანს შედეგი. მაქსიმუმ 5 სტრიქონი.კითხვებს გულახდილად უპასუხე. რაც უფრო ზუსტად უპასუხებ, მით უკეთ მოერგება რჩევა შენს ბიზნესს. ბოლოს თავად გადაწყვიტე, რომელი იდეა გამოსცადო. როგორ მიხვიდე რჩევიდან შემოწმებულ გადაწყვეტილებამდე, ნაბიჯ-ნაბიჯ აქ ვაჩვენებთ: აზრიდან მოქმედებისკენ.
თუ Claude-საც ცდი, მისი გამართვაც მსგავსია: Claude AI ქართულად. ამ ჩვევებს ბიზნესმეთოდებთან ერთად შენს ბიზნესზე ვიყენებთ კურსზე: AI კურსი ბიზნესისთვის.
ChatGPT-ით შენს ბაზარს, ციფრებს და კლიენტების კითხვებს სწრაფად ნახავ. კურსზე ამ მონაცემით ზრდის გადაწყვეტილებას იღებ, შენს ბიზნესზე.
ხშირი კითხვები
ChatGPT ქართულად უფასოა?
დიახ, უფასო გეგმითაც შეგიძლია ქართულად წერა. შეზღუდულია მხოლოდ შეტყობინებების, ფაილებისა და სურათების რაოდენობა.
არსებობს ცალკე ქართული ChatGPT?
არა. ქართულადაც იგივე ChatGPT გპასუხობს. საიტები და აპები სახელით „ChatGPT ქართულად“ OpenAI-ს არ ეკუთვნის, ამიტომ მათ პაროლი და ბარათის მონაცემები არ მისცე.
ტელეფონზე და კომპიუტერზე ერთი ანგარიში მუშაობს?
დიახ. ყველგან ერთი ანგარიშით შედი და ჩათები, პროექტები და პარამეტრები ყველგან ერთნაირად გამოჩნდება.
რა არ უნდა ჩავწერო ChatGPT-ში?
პაროლი, ბარათის ან ანგარიშის ნომერი, პირადი ნომერი და კლიენტების პირადი მონაცემები. დაწვრილებით: მონაცემების დაცვის გაიდი.
თვეში ერთხელ: რა შეიცვალა ChatGPT-სა და Claude-ში
ფუნქციები ხშირად იცვლება. მოკლე წერილით გაიგებ, რა შეიცვალა, რას ნიშნავს შენი ბიზნესისთვის და რომელი გაიდი განახლდა. ზედმეტი წერილების გარეშე.
წყაროები
ავტორის შესახებ
ნიკო თევდორაშვილი, აზრიონის დამფუძნებელი. 17+ წელი მარკეტინგის გუნდების ხელმძღვანელობაში, 100+ პროექტი 15+ სექტორში, ბანკებიდან ტურიზმამდე. AI უკვე 4 წელია მისი ყველა საკონსულტაციო და სასწავლო პროგრამის ნაწილია.
გინდა, AI შენს ბიზნესს მოარგო? შეავსე ბიზნესბრიფი: 16 კითხვა, 10 წუთი. პასუხად შენზე მორგებულ პრომპტს მიიღებ მეილზე.
განახლდა: 2026 წლის 21 ოქტომბერი.



Comments