top of page

რატომ გაძლევს ChatGPT ზოგად პასუხებს: AI-სთან მუშაობის წესები

Writer: Niko Tevdorashvili
Niko Tevdorashvili
5 days ago
5 min read

Updated: 3 days ago

ChatGPT ზოგად პასუხს მაშინ გაძლევს, როცა შენს ბიზნესს, შენს ციფრებს და შენს მიზანს არ იცნობს. გამოსავალი მარტივია: დავალება ხუთი ნაწილით დაწერე, ბიზნესი ერთხელ გააცანი Project-ში და ყოველი მნიშვნელოვანი პასუხი შეამოწმე.


ეს წესები ChatGPT-შიც მუშაობს, Claude-შიც და Gemini-შიც. კურსზე ხშირად ვხედავ, როგორ იცვლება ერთ კვირაში ერთი და იმავე ადამიანის შედეგი: „უსარგებლო“ პასუხების ნაცვლად ისეთ პასუხებს იღებს, რომლებსაც მაშინვე იყენებს. ხელსაწყო იგივეა, იცვლება მხოლოდ დავალება.


რატომ მაძლევს ChatGPT ზოგად პასუხებს?

AI-მ შენზე მხოლოდ ის იცის, რაც დაუწერე. თუ კითხვა ასეთია: „როგორ გავზარდო გაყიდვები?“, AI „საშუალო ბიზნესისთვის“ გიპასუხებს და დანარჩენს თავად გამოიცნობს. ასეთ პასუხში შეცდომა არ არის, უბრალოდ ნებისმიერ სხვა ბიზნესსაც მოერგება.


მარტივი ტესტი: თუ პასუხი შენს მეზობელ ბიზნესსაც ზუსტად ისევე გამოადგება, AI-მ შენი ბიზნესი არ იცის. ესე იგი, AI-ს კონტექსტი აკლია.


ზოგადი პასუხის სამი ხშირი მიზეზი:


  • კითხვაში არ არის, რა ბიზნესი გაქვს და რა ხდება ახლა.

  • არ არის შენი მასალა: ციფრები, ფასები, კლიენტების კითხვები.

  • არ არის მიზანი: რა გადაწყვეტილებისთვის გჭირდება პასუხი.


როგორ გავაცნო AI-ს ჩემი ბიზნესი?

AI-ს ორი სახის კონტექსტი სჭირდება. ერთი მუდმივია და ერთხელ იწერება, მეორე ყოველ ამოცანაზე ახალია.


  • ბიზნესბრიფი (მუდმივი კონტექსტი): რას ყიდი, ვის, სად და რა ფასად, ვინ არიან კლიენტები, რომელი არხებით ყიდი, ძირითადი ციფრები. ერთხელ წერ, ფაილად ინახავ Project-ში და იშვიათად ცვლი.

  • ამოცანის კონტექსტი: რა ხდება ახლა ამ საკითხში, რა სცადე და რა გამოვიდა, რა შეზღუდვები გაქვს (ბიუჯეტი, ვადა, ხალხი). ამას ყოველ ახალ ჩატში წერ, დავალების დასაწყისში.


მაგალითად, უბნის საცხობის ბიზნესბრიფში წერია: „ვაკეში უბნის საცხობი, 2 თანამშრომელი, ძირითადად უბნის მცხოვრებლები ყიდულობენ, დილით და საღამოს“. ამოცანის კონტექსტი კი ასეთია: „ზამთარში გაყიდვები გვეცემა, შარშან ფასდაკლება ვცადეთ და არ იმუშავა, თვეში 500 ₾-ზე მეტს ვერ დავხარჯავ“.


Project ერთგვარი საქაღალდეა AI-ში. მასში ინახება ბიზნესბრიფი, ფაილები და სამუშაო წესები და ყოველ ახალ ჩატში AI მათ თავად კითხულობს. ასე ბიზნესს ყოველ ჯერზე თავიდან აღარ უხსნი. ბიზნესბრიფის დასაწერად შეავსე უფასო ბიზნესბრიფი: 16 კითხვა, 10 წუთი.


რჩევა: რაც უფრო მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება, მით მეტი კონტექსტი სჭირდება. სწრაფ კითხვას (პოსტი, წერილი) 2-3 წინადადება ჰყოფნის. ფასზე, ახალ პროდუქტზე ან სეზონის გეგმაზე კი სრული კონტექსტი დაწერე. რაც კითხვას არ ეხება, ის არ ჩაწერო: ზედმეტი ინფორმაცია AI-ს ყურადღებას უფანტავს.

დავალება ხუთი ნაწილით

ერთ შეტყობინებაში ეს ხუთი ნაწილი ამ რიგით დაწერე. გრძელი მასალა (ცხრილი, ტექსტი, ფაილი) შუაში ჩასვი, კითხვა და პასუხის ფორმა კი ბოლოს.


  1. ბიზნესი და სიტუაცია: ბიზნესი 1-2 წინადადებით და რა ხდება ახლა ამ საკითხში.

  2. მასალა: შენი ციფრები, ფასები, კლიენტების კითხვები, ფაილები. შენი ციფრები AI-მ არ იცის.

  3. მიზანი და კითხვა: რა შედეგი გინდა და რა გადაწყვეტილებისთვის გჭირდება.

  4. პასუხის ფორმა: ცხრილი, სია, სიგრძე. „მოკლედ“ ყველას სხვანაირად ესმის, „ცხრილი 3 სვეტით, მაქსიმუმ 5 სტრიქონი“ კი ყველას ერთნაირად.

  5. ჯერ კითხვები: სთხოვე, პასუხამდე დაგისვას კითხვები და არაფერი მოიგონოს.


შაბლონი, რომ ჩააკოპირო და შეავსო:


ჩემი ბიზნესი და სიტუაცია: ...
მასალა: ...
მიზანი: მინდა გადავწყვიტო ...
კითხვა: ...
პასუხი მომეცი ასე: ...
სანამ მიპასუხებ, დამისვი 3-5 კითხვა. თუ მონაცემი აკლია, ნუ მოიგონებ, მკითხე.

AI-სთან მუშაობის 10 წესი

  1. ერთი ბიზნესი, ერთი Project. ბიზნესბრიფი და სამუშაო წესები Project-ში ჩადე. ChatGPT-ში ახალი Project-ის შექმნისას შეგიძლია მეხსიერება მხოლოდ ამ პროექტით შემოფარგლო, რომ სხვა თემები არ აირიოს.

  2. ერთი ამოცანა, ერთი ჩატი. გრძელ ჩატში პასუხების ხარისხი ეცემა. თემა შეიცვალა? გახსენი ახალი ჩატი და გადაიტანე მხოლოდ მოკლე შეჯამება და ბოლო ვერსია.

  3. ჯერ შედეგი, მერე გზა. დაწერე, რა გინდა მიიღო, რა გადაწყვეტილებისთვის და როგორ მიხვდები, რომ პასუხი კარგია.

  4. შენი კონტექსტი „ექსპერტის როლს“ სჯობს. „წარმოიდგინე, რომ ექსპერტი ხარ“ AI-ს ცოდნას არ მატებს. ცოდნას მატებს შენი ციფრები, შენი კლიენტი, შენი ფასი და შენი შეზღუდვა.

  5. უთხარი, როდის გაჩერდეს. „სანამ მიპასუხებ, დამისვი 3-5 კითხვა. თუ მონაცემი აკლია, ჯერ მკითხე.“ ეს ერთი წინადადება პასუხს ბევრად აუმჯობესებს.

  6. ფორმა ციფრებით. დაწერე, რამდენი სვეტი, სტრიქონი ან სიტყვა გინდა, და არა უბრალოდ „მოკლედ“ ან „დეტალურად“.

  7. რთულ ამოცანაზე ჩართე ფიქრის რეჟიმი. ChatGPT-ში აირჩიე ფიქრის (Thinking) რეჟიმი. Claude-ში მოდელის მენიუში ჩართე Thinking ან Effort მაღალზე დააყენე. „იფიქრე ნაბიჯ-ნაბიჯ“ წერა საჭირო აღარ არის.

  8. ყოველ ციფრს წყარო სჭირდება. თუ ციფრი შენი არ არის, მას სჭირდება წყარო, წელი და ბმული. წყაროს გარეშე ციფრი ვარაუდია და არა ფაქტი.

  9. AI-ის თანხმობა ჯერ არაფერს ამტკიცებს. მეორე AI სისუსტეს ეძებს, ფაქტს კი შენ ამოწმებ: წყაროთი, შენი მონაცემით ან პატარა ტესტით.

  10. ჯერ დაცვა, მერე ატვირთვა. სანამ ბიზნესის მონაცემებს ატვირთავ, გამორთე, რომ AI მათზე არ ისწავლოს, და კლიენტების პირადი მონაცემები AI-ში არ ჩაწერო.


როგორ შევამოწმო AI-ს პასუხი?

AI თავდაჯერებულად წერს მაშინაც, როცა იგონებს. ამიტომ ყოველ მნიშვნელოვან პასუხს სამი შემოწმება სჭირდება.


1. წყარო. რაც შენგან არ მოდის (ბაზრის ზომა, ფასები, ტენდენციები), იმას წყარო უნდა ჰქონდეს. ბმული თავად გახსენი და ნახე, მართლა იქ წერია თუ არა.


ყოველ ციფრს მიუწერე წყარო, წელი და ბმული. სადაც წყარო არ გაქვს, დაწერე „ვარაუდი“.

2. მეორე AI, როგორც კრიტიკოსი. მნიშვნელოვანი პასუხი მეორე AI-საც აჩვენე: ChatGPT-ის პასუხი Claude-ს ან Gemini-ს, ან პირიქით. ჯერ შეფასების კრიტერიუმები მიეცი, მერე კრიტიკა სთხოვე.


შეაფასე ეს გეგმა სამი კრიტერიუმით: რამდენად რეალურია ჩემი ბიუჯეტით, რამდენად მალე ჩანს შედეგი, რა რისკი აქვს. იპოვე 3 სუსტი ადგილი. თუ არ ეთანხმები, თქვი და ახსენი რატომ.

3. შენი შემოწმება. ბოლო სიტყვა შენია. შეამოწმე შენი მონაცემით, კლიენტთან საუბრით ან პატარა ტესტით. რატომ ყიდულობენ კლიენტები შენთან, ეს კლიენტებს ჰკითხე და არა AI-ს.


ეს სამი შემოწმება ერთ მაგალითზე დაწვრილებით აღწერილია გაიდში აზრიდან მოქმედებისკენ: AI-ს რჩევიდან გადაწყვეტილებამდე.


ჯერ დაცვა, მერე ატვირთვა

სანამ ფასებს, გაყიდვებს ან კლიენტების კითხვებს ატვირთავ, ორი რამ გააკეთე:


  • გამორთე, რომ AI შენს ჩათებზე არ ისწავლოს. ChatGPT-ში ეს არის Settings › Data controls › Improve the model for everyone, Claude-ში Settings › Privacy › Help improve our AI models.

  • კლიენტის ან თანამშრომლის სახელი, ტელეფონი, პირადი ნომერი და ანგარიში AI-ში არ ჩაწერო. კლიენტი კოდით მოიხსენიე (C-001), თანამშრომელი კი როლით („გაყიდვების მენეჯერი“).



AI ალაგებს, გთავაზობს და აკრიტიკებს. გადაწყვეტილებას შენ იღებ. თუ გინდა, ეს წესები ბიზნესმეთოდებთან ერთად შენს ბიზნესზე გამოიყენო, ნახე AI კურსი ბიზნესისთვის. ChatGPT-ის პირველი ნაბიჯებისთვის კი გახსენი ChatGPT ქართულად: როგორ დაიწყო.


ხშირი კითხვები

ქართულად დავწერო თუ ინგლისურად უკეთ მპასუხობს?

ქართულად თამამად წერე. ChatGPT-ს, Claude-ს და Gemini-ს ქართული კარგად ესმით. მთავარი ენა კი არა, კონტექსტია: შენი ბიზნესი, მასალა და მიზანი.


რა არის ბიზნესბრიფი და სად შევინახო?

ბიზნესბრიფი შენი ბიზნესის მოკლე აღწერაა: რას ყიდი, ვის, სად და რა ფასად. შეინახე ფაილად Project-ში, რომ AI ყოველ ჩატში თავად კითხულობდეს.


თუ AI-ს პასუხი არ მომწონს, რა ვქნა?

ახალი კითხვის დაწერამდე ნახე, რა აკლდა დავალებას: კონტექსტი, მასალა, მიზანი თუ ფორმა. დაუმატე ის, რაც აკლდა, და სთხოვე, ჯერ კითხვები დაგისვას.


ფასიანი ვერსია მჭირდება?

ამ წესების უმეტესობა უფასო ვერსიაშიც მუშაობს. ფასიან ვერსიაში მეტი შეტყობინება, ფიქრის რეჟიმის მეტი არჩევანი და ფაილების უფრო მაღალი ლიმიტი გაქვს, რაც ბიზნესის რთულ ამოცანებზე გამოგადგება.


წყაროები


ავტორის შესახებ

ნიკო თევდორაშვილი, აზრიონის დამფუძნებელი. 17+ წელი მარკეტინგის გუნდების ხელმძღვანელობაში, 100+ პროექტი 15+ სექტორში, ბანკებიდან ტურიზმამდე. AI უკვე 4 წელია მისი ყველა საკონსულტაციო და სასწავლო პროგრამის ნაწილია.


გინდა, AI შენს ბიზნესს მოარგო? შეავსე ბიზნესბრიფი: 16 კითხვა, 10 წუთი. პასუხად შენზე მორგებულ პრომპტს მიიღებ მეილზე.

განახლდა: 2026 წლის 19 ოქტომბერი.

Comments


Commenting on this post isn't available anymore. Contact the site owner for more info.

რეგისტრაცია და კითხვები

აირჩიე, რა გაინტერესებს, და ნიკო 24 საათში პირადად მოგწერს. კურსის ჯგუფი მცირეა: შემდეგი ჯგუფის თარიღს წინასწარ დარეგისტრირებულები პირველები გაიგებენ. გადახდა მხოლოდ დადასტურების შემდეგ.

რა გაინტერესებს?
რა არის ახლა შენი მთავარი პრიორიტეტი? მონიშნე ერთი ან მაქსიმუმ ორი

ფორმის გაგზავნით ეთანხმები, რომ შენს მონაცემებს აზრიონი მხოლოდ შენთან დასაკავშირებლად გამოიყენებს. დაწვრილებით: კონფიდენციალურობის პოლიტიკა

© 2026 აზრიონი

ყველა უფლება დაცულია.

კონფიდენციალურობა

bottom of page