როგორ დავიცვა ჩემი ინფორმაცია ChatGPT-სა და Claude-ში

Updated: 3 days ago
ChatGPT-სა და Claude-ს ყოველდღე ვუყვებით ჩვენს ბიზნესზე, კლიენტებსა და გეგმებზე. ამ გზამკვლევში ქართულად, ნაბიჯ-ნაბიჯ და სქრინებით გაჩვენებ, როგორ გამორთო, რომ AI შენს ჩათებზე არ ისწავლოს, როდის გამოიყენო დროებითი ჩათი და რა არასდროს უნდა ჩაწერო AI-ში.
დრო: 10 წუთი, ერთხელ. დაგჭირდება: ChatGPT-ის ან Claude-ის ანგარიში და კომპიუტერი.
რა არ უნდა ჩაწერო AI-ში
პაროლი, ბარათის ან ანგარიშის ნომერი, პირადი ნომერი.
კლიენტის პირადი მონაცემები: სახელი გვარით, ტელეფონი, მისამართი.
სხვისი კონფიდენციალური დოკუმენტი, რომლის გაზიარების უფლება არ გაქვს.
რჩევა: როცა კლიენტის შემთხვევას არჩევ, სახელის ნაცვლად დაწერე „კლიენტი ა“ და სიტუაცია ზოგადად აღწერე. AI-ს ეს სავსებით ეყოფა.
როგორ გამოვრთო ChatGPT-ში სწავლება ჩემს ჩათებზე
გახსენი chatgpt.com, ქვედა მარცხენა კუთხეში დააჭირე შენს სურათს, შემდეგ Settings.
მარცხენა სიაში აირჩიე Data controls.
გამორთე Improve the model for everyone (სქრინზე 1).
Shared links-ის გვერდით Manage (2) გაჩვენებს შენს გაზიარებულ ბმულებს. რაც აღარ გჭირდება, წაშალე.

რა უნდა გამოჩნდეს: Improve the model for everyone-ის გადამრთველი ნაცრისფერია, ანუ გამორთულია.
როგორ გამოვრთო Claude-ში სწავლება ჩემს ჩათებზე
გახსენი claude.ai, ქვედა მარცხენა კუთხეში დააჭირე შენს სახელს, შემდეგ Settings.
მარცხენა სიაში აირჩიე Privacy (სქრინზე 1).
გამორთე Help improve our AI models (2).
Shared chats-ის გვერდით Manage (3) გაჩვენებს, რომელი ჩათი გაქვს ბმულით გაზიარებული.

რა უნდა გამოჩნდეს: Help improve our AI models-ის გადამრთველი ნაცრისფერია, ანუ გამორთულია.
დროებითი ჩათი: როცა არაფერი უნდა შეინახოს
დროებითი ჩათი ისტორიაში არ ჩნდება, მეხსიერებაში არაფერს წერს და AI მასზე არ სწავლობს. გამოიყენე, როცა მგრძნობიარე თემას არკვევ ან უბრალოდ რამეს სცდი.
ChatGPT-ში: ახალი ჩათის ეკრანზე, ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირე Temporary chat-ის ხატულას.

Claude-ში: ახალი ჩათის ეკრანზე, ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირე მოჩვენების ხატულას (Incognito).

ყურადღება: „დროებითი“ არ ნიშნავს „საიდუმლოს“. კომპანია ასეთ ჩათს უსაფრთხოების მიზნით მცირე ხნით მაინც ინახავს (ChatGPT 30 დღემდე), ამიტომ ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაცია აქაც არ ჩაწერო.
რა იცის AI-მ შენზე: მეხსიერების შემოწმება
ორივე AI შენზე მოკლე ჩანაწერებს ინახავს, რომ ყოველ ჯერზე თავიდან არ მოგიწიოს ახსნა. თავად შეამოწმე, რა წერია იქ:
Claude: Settings › Memory.
ChatGPT: Settings › Personalization › Memory summary › Manage.
ან უბრალოდ ჰკითხე ჩათში. დააკოპირე ეს პრომპტი:
ჩამომიწერე, რა იცი და რა დაიმახსოვრე ჩემზე. ცალკე მონიშნე ის, რაც შეიძლება მგრძნობიარე იყოს.თუ რამე არ მოგწონს, მიწერე: „ეს წაშალე და აღარ დაიმახსოვრო“.
კონექტორები: რას ხედავს AI შენს Gmail-სა და Google Drive-ში
როცა AI-ს Google Drive-ს, Gmail-ს ან კალენდარს მიაერთებ, ის ხედავს მხოლოდ იმას, რაზეც ამ ანგარიშს წვდომა აქვს, და მხოლოდ მაშინ, როცა სთხოვ.
მიაერთე მხოლოდ ოფიციალური კონექტორები. უცნობ, სხვა კომპანიის ხელსაწყოს წვდომა არ მისცე.
გასათიშად: AI-ის პარამეტრებში Disconnect, ან Google ანგარიშში myaccount.google.com/connections.
ChatGPT-ში დატოვე ნებართვა Allow low-risk: ფაილში ჩაწერამდე ან მეილის გაგზავნამდე დასტურს გთხოვს.
ხშირი კითხვები
იყენებს თუ არა ChatGPT ჩემს ჩათებს სწავლებისთვის?
კი, თუ ეს პარამეტრი ჩართულია. Data controls-ში Improve the model for everyone-ის გამორთვის შემდეგ ChatGPT შენს ახალ ჩათებზე აღარ ისწავლის.
იყენებს თუ არა Claude ჩემს ჩათებს სწავლებისთვის?
თუ Privacy-ში Help improve our AI models ჩართულია, კი. გამორთვის შემდეგ Claude შენს ჩათებზე აღარ ისწავლის.
ტელეფონზეც ცალკე უნდა გამოვრთო?
არა. ეს პარამეტრები ანგარიშზეა მიბმული, ამიტომ კომპიუტერზე ერთხელ შეცვლა საკმარისია.
დროებითი ჩათი სრულად კონფიდენციალურია?
არა. ის ისტორიაში არ ჩანს და AI მასზე არ სწავლობს, მაგრამ კომპანია მას მცირე ხნით მაინც ინახავს. პაროლი და პირადი მონაცემები არც აქ ჩაწერო.
წყაროები
სხვა გზამკვლევები: AI-სთან მუშაობის წესები, ChatGPT ქართულად, Claude AI ქართულად, Gemini ქართულად.
ავტორის შესახებ
ნიკო თევდორაშვილი, აზრიონის დამფუძნებელი. 17+ წელი მარკეტინგის გუნდების ხელმძღვანელობაში, 100+ პროექტი 15+ სექტორში, ბანკებიდან ტურიზმამდე. AI უკვე 4 წელია მისი ყველა საკონსულტაციო და სასწავლო პროგრამის ნაწილია.
გინდა, AI შენს ბიზნესს მოარგო? შეავსე ბიზნესბრიფი: 16 კითხვა, 10 წუთი. პასუხად შენზე მორგებულ პრომპტს მიიღებ მეილზე.
განახლდა: 2026 წლის 19 ოქტომბერი.



Comments