Claude AI ქართულად: როგორ დაიწყო და რა გამართო პირველ დღეს

Updated: 3 days ago
Claude AI ქართულად უფასოდაც მუშაობს: შედი claude.ai-ზე, შექმენი ანგარიში და ქართულად მიწერე. პირველ დღეს სამი რამ გამართე: კონფიდენციალურობა, ინსტრუქცია შენზე და მეხსიერება. ასე Claude პირველივე კვირიდან შენს ბიზნესზე იმუშავებს და არა „საშუალო ბიზნესზე“.
Claude Anthropic-ის AI ასისტენტია. ChatGPT-ის მსგავსად წერს, აანალიზებს ფაილებს და ცხრილებს, ეძებს ინტერნეტში და გრძელ დოკუმენტებთან კარგად მუშაობს. მენიუს სახელებს ინგლისურად ვწერთ, როგორც ეკრანზე ჩანს. თუ რამე ოდნავ განსხვავდება, Settings-ში მოძებნე: აპი ხშირად ახლდება.
Claude-ის ყველა ფუნქცია: გაიდების სარჩევი
აქ Claude-ის ყველა გაიდია, თემების მიხედვით. თითოეული ერთ კითხვას პასუხობს: სად არის ღილაკი და როგორ გამოიყენო ბიზნესში. ეკრანები შემოწმებულია 2026 წლის 20 ოქტომბერს.
ყველაზე საჭირო:
დაწყება და მორგება
ძიება და კვლევა
ფაილები და შენი მონაცემები
შექმნა და ავტომატიზაცია
ფასები და უსაფრთხოება
მეტი
სად გადმოვწერო Claude?
ბრაუზერში: claude.ai. არაფრის დაყენება არ გჭირდება.
კომპიუტერზე (Claude desktop): Windows-ისა და macOS-ის აპი ოფიციალური გვერდიდან: claude.com/download.
ტელეფონზე: iPhone-ზე App Store-ში, Android-ზე Google Play-ში მოძებნე „Claude“. აპის ავტორი უნდა იყოს Anthropic.
ანგარიშს Google-ით ან ელფოსტით შექმნი. ყველგან ერთი ანგარიშით შედიხარ და ჩათები ერთნაირად ჩანს.
ყურადღება: Claude გადმოწერე მხოლოდ claude.com-იდან ან ოფიციალური მაღაზიიდან. უცნობ საიტს ან აპს, რომელიც „Claude ქართულად“ გთავაზობს, პაროლი და ბარათის მონაცემები არ მისცე.
Claude უფასოა? რა ღირს Pro?
უფასო გეგმა ყოველდღიური საქმისთვის საკმარისია: ჩათი, ინტერნეტში ძებნა, ფაილებთან მუშაობა, მეხსიერება და 5-მდე Project. როცა ბიზნესისთვის ყოველდღე იყენებ, ლიმიტი სწრაფად იწურება და ფასიანი გეგმა გამოგადგება.
Free: 0 დოლარი. ყოველდღიური საქმისთვის, ლიმიტით.
Pro: 20 დოლარი თვეში, ან 17 დოლარი თვეში წლიური გადახდით. მეტი ლიმიტი, ძლიერი მოდელები, Research და ძველ ჩათებში ძებნა.
Max: 100 დოლარიდან თვეში. Pro-ზე 5-ჯერ ან 20-ჯერ მეტი მოცულობა.
Team: გუნდისთვის, 2 ადამიანიდან, ერთიანი გადახდით და მართვით.
ახლანდელი ფასები ნახე Claude-ის ფასების გვერდზე. ChatGPT-თან და Gemini-სთან შედარება: ChatGPT, Claude თუ Gemini.
კომპიუტერის აპში ფასიან გეგმებზე Claude Code-იც მუშაობს. ის პროგრამისტებისთვისაა და ამ გაიდში არ დაგჭირდება.
რამდენად კარგად წერს Claude ქართულად?
Claude-ს ქართული კარგად ესმის და ბუნებრივად წერს, თუმცა ზოგჯერ მაინც გამოიყენებს უცნაურ სიტყვას ან სხვა ენიდან სიტყვასიტყვით თარგმნილ გამოთქმას. სამი ჩვევა დაგეხმარება:
ინსტრუქციაში ჩაწერე: „მომწერე ბუნებრივი, სასაუბრო ქართულით, მოკლე წინადადებებით“.
კლიენტისთვის დაწერილი ტექსტი გაგზავნამდე თავად წაიკითხე.
თუ პასუხი ზოგადია, Claude-ს შენი ბიზნესის კონტექსტი აკლია. როგორ მისცე: AI-სთან მუშაობის წესები.
პირველი პარამეტრი: კონფიდენციალურობა
სანამ ბიზნესის ფაილებს ატვირთავ, გახსენი Settings › Privacy და გამორთე Help improve our AI models. ასე Claude შენს ჩათებზე აღარ ისწავლის. რა არასდროს უნდა ჩაწერო AI-ში და როგორ მუშაობს Incognito ჩათი: მონაცემების დაცვა ChatGPT-სა და Claude-ში.
გაიცანი Claude-ის ეკრანი
claude.ai-ის მთავარ ეკრანზე ოთხი რამ დაგჭირდება:
Projects (სქრინზე 1): ერთ თემაზე ჩათები და ფაილები ერთად.
Customize (2): კონექტორები (მაგალითად, Google Drive) და დამატებითი შესაძლებლობები.
„+“ ნიშანი ჩათის ველში (3): ფაილის, ფოტოს ან დოკუმენტის დამატება.
მოჩვენების ხატულა ზედა მარჯვენა კუთხეში (4): Incognito ჩათი, რომელიც ისტორიაში არ ინახება.

როგორ გავაცნო Claude-ს ჩემი ბიზნესი?
ქვედა მარცხენა კუთხეში დააჭირე შენს სახელს, შემდეგ Settings.
აირჩიე Account (სქრინზე 1).
What should Claude call you? (2): როგორ მოგმართოს.
Instructions for Claude (3): შენი მუდმივი ინსტრუქცია. ნიმუში ქვემოთაა.

ინსტრუქციის ნიმუში. ფრჩხილებში შენი ინფორმაცია ჩაწერე:
მაქვს [ბიზნესის ტიპი, მაგ.: საოჯახო სასტუმრო ყაზბეგში]. ჩემი კლიენტები არიან [ვინ]. ახლა მთავარი მიზანი: [მიზანი].
1. მომწერე ბუნებრივი, მარტივი ქართულით და მოკლედ.
2. თუ კითხვა გაურკვეველია, ჯერ დამაზუსტებელი კითხვა დამისვი.
3. ფასი, კანონი ან ფაქტი, რომელიც შეიძლება შეცვლილი იყოს, გადაამოწმე და წყარო მიუთითე.
4. თუ რამე არ იცი, პირდაპირ თქვი. ნუ მოიგონებ.
5. ჩემს იდეას ნუ შეაქებ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემია. სუსტი მხარეც მითხარი.მეხსიერება: რა იცის Claude-მა შენზე?
მეხსიერებაში Claude ინახავს მნიშვნელოვან დეტალებს შენსა და შენს საქმეზე და ახალ ჩათებშიც იყენებს. მეხსიერება უფასო გეგმაშიც არის, ძველ ჩათებში ძებნა კი მხოლოდ ფასიანში.
Settings-ში გახსენი მეხსიერების გვერდი, Memory (სქრინზე 1). ზოგ ანგარიშზე ეს Capabilities-შია.
Search and reference chats (2): Claude ძველ ჩათებში იპოვის საჭირო დეტალს. ჩართე.
Generate memory from chats (3): Claude თავად დაიმახსოვრებს მნიშვნელოვანს. ჩართე.
თუ აქამდე ChatGPT-ს იყენებდი, მეხსიერების იმპორტით (4) იქიდან გადმოიტან, რაც მან შენზე იცის.

ამავე გვერდზე ჩანს, რა დაიმახსოვრა Claude-მა. თუ რამე არასწორია, გაასწორე ან წაშალე.
Projects: შენი ბიზნესის საქაღალდე
Project-ში შენი ბიზნესის მოკლე აღწერას, ფასებს და საჭირო ფაილებს ერთხელ ატვირთავ. ყოველ ახალ ჩათში Claude მათ თავად კითხულობს, ამიტომ ბიზნესს თავიდან აღარ უხსნი. უფასო გეგმაზე 5-მდე Project შეგიძლია გქონდეს. ორ სხვადასხვა ბიზნესს ცალ-ცალკე Project სჭირდება, რომ ინფორმაცია არ აირიოს.
პირველი ბიზნეს-დავალება: სცადე ახლავე
Claude გრძელ ტექსტებთან კარგად მუშაობს, ამიტომ პირველად კლიენტების შეფასებებით სცადე. ჯერ მათში სახელები და ტელეფონები წაშალე, მერე ჩასვი:
ქვემოთ არის ჩემი [ბიზნესის ტიპის] ბოლო 15 შეფასება კლიენტებისგან (სახელები წაშლილია).
1. დააჯგუფე: რას აქებენ, რას უჩივიან, რას ითხოვენ.
2. თითო ჯგუფში მომიყვანე 1-2 ციტატა შეფასებიდან.
3. შემომთავაზე 3 პატარა ცვლილება, რომელსაც ერთ კვირაში გამოვცდი.
თუ რამე გაურკვეველია, ჯერ მკითხე.
[შეფასებები]შედეგი ჯერ მხოლოდ ვარაუდია და არა საბოლოო პასუხი. ცვლილება პატარა ტესტით შეამოწმე. როგორ მიხვიდე AI-ს რჩევიდან შემოწმებულ გადაწყვეტილებამდე: აზრიდან მოქმედებისკენ.
თუ ChatGPT-საც იყენებ, მისი გამართვაც მსგავსია: ChatGPT ქართულად. ამ ჩვევებს ბიზნესმეთოდებთან ერთად შენს ბიზნესზე ვიყენებთ კურსზე: AI კურსი ბიზნესისთვის.
Claude-ით შენს ფაილებს, ციფრებს და კლიენტების შეფასებებს სწრაფად დაამუშავებ. კურსზე ამ მონაცემით ზრდის გადაწყვეტილებას იღებ, შენს ბიზნესზე.
ხშირი კითხვები
Claude AI ქართულად მუშაობს?
დიახ. Claude-ს ქართული ესმის და ქართულად გპასუხობს. მენიუს სახელებს ამ გაიდში ინგლისურად ვწერთ, როგორც ეკრანზე ჩანს.
Claude უფასოა?
დიახ, უფასო გეგმა არსებობს, ლიმიტით. Pro თვეში 20 დოლარი ღირს, წლიური გადახდით კი თვეში 17 დოლარი.
Claude desktop რით განსხვავდება ბრაუზერისგან?
ჩათი და ანგარიში იგივეა. კომპიუტერის აპი უფრო სწრაფად იხსნება და ფასიან გეგმებზე დამატებით შესაძლებლობებსაც იძლევა, მაგალითად Claude Code-ს.
რა არ უნდა ჩავწერო Claude-ში?
პაროლი, ბარათის ან ანგარიშის ნომერი, პირადი ნომერი და კლიენტების პირადი მონაცემები. დაწვრილებით: მონაცემების დაცვის გაიდი.
თვეში ერთხელ: რა შეიცვალა ChatGPT-სა და Claude-ში
ფუნქციები ხშირად იცვლება. მოკლე წერილით გაიგებ, რა შეიცვალა, რას ნიშნავს შენი ბიზნესისთვის და რომელი გაიდი განახლდა. ზედმეტი წერილების გარეშე.
წყაროები
ავტორის შესახებ
ნიკო თევდორაშვილი, აზრიონის დამფუძნებელი. 17+ წელი მარკეტინგის გუნდების ხელმძღვანელობაში, 100+ პროექტი 15+ სექტორში, ბანკებიდან ტურიზმამდე. AI უკვე 4 წელია მისი ყველა საკონსულტაციო და სასწავლო პროგრამის ნაწილია.
გინდა, AI შენს ბიზნესს მოარგო? შეავსე ბიზნესბრიფი: 16 კითხვა, 10 წუთი. პასუხად შენზე მორგებულ პრომპტს მიიღებ მეილზე.
განახლდა: 2026 წლის 21 ოქტომბერი.



Comments