Claude ფაილები და Excel: ატვირთვა, ანალიზი და ფაილის შექმნა

ფაილს Claude-ს მისცემ წერის ველში: +, შემდეგ Upload or add files, ან ფაილს პირდაპირ ჩატში გადმოათრევ. Claude კითხულობს PDF-ს, Word-ს, Excel-ს, CSV-ს და სურათებს.
Excel-ის ანალიზისთვის და ახალი ფაილის შესაქმნელად ჩართული უნდა იყოს Cloud code execution and file creation (Settings, Capabilities). ასე Claude ითვლის კოდით და გიქმნის Excel, Word, PowerPoint და PDF ფაილებს, რომლებსაც ჩამოტვირთავ.
ეს გაიდი Claude AI ქართულად გზამკვლევის ნაწილია.
რა გჭირდება
Claude-ის ანგარიში. ფაილები და გამოთვლა ყველა გეგმაზეა, უფასოზეც, მაგრამ უფასოზე ლიმიტი უფრო მალე იწურება.
კომპიუტერი ბრაუზერით ან Claude-ის აპი.
ფაილი, რომელშიც კლიენტების პირადი მონაცემები არ არის (ან წაშლილია).
როგორ ჩართო გამოთვლა და ფაილების შექმნა
ქვედა მარცხენა კუთხეში დააჭირე შენს სახელს და აირჩიე Settings.
მარცხენა სიაში აირჩიე Capabilities.
ნაწილში Code execution and file creation ჩართე Cloud code execution and file creation (გადამრთველი ლურჯი უნდა იყოს). როგორც წესი, უკვე ჩართულია.

ეს გადამრთველი Excel ფაილის წასაკითხადაც საჭიროა და Skills-ისთვისაც. თუ გამორთულია, Claude XLSX ფაილს ვერ გახსნის.
როგორ ატვირთო ფაილი Claude-ში
წერის ველის ქვედა მარცხენა კუთხეში დააჭირე +-ს.
აირჩიე Upload or add files და მონიშნე ფაილი. ან ფაილი მაუსით გადმოიტანე ჩატში.
ფაილი წერის ველის ზემოთ გამოჩნდება. ჩაწერე, რა გინდა, და გაგზავნე.
ერთ ჩატში 20 ფაილამდე ატვირთავ (20.10.2026-ის მონაცემით).
PDF 1000 გვერდამდე. 100 გვერდამდე PDF-ში Claude სურათებსა და დიაგრამებსაც ხედავს, უფრო გრძელში მხოლოდ ტექსტს.
თუ ფაილი ბევრ ჩატში გჭირდება, პროექტში ატვირთე. ნახე Claude პროექტები.
რა ფაილებს კითხულობს და ქმნის Claude
კითხულობს: PDF, DOCX, XLSX, CSV, TXT, HTML, JSON და სხვა ტექსტურ ფაილებს, ასევე სურათებს (JPEG, PNG, GIF, WebP).
ქმნის: Excel (XLSX), Word (DOCX), PowerPoint (PPTX) და PDF ფაილებს, ასევე დიაგრამებს სურათად (PNG).
Word-ში და სხვა არა-PDF დოკუმენტებში Claude მხოლოდ ტექსტს კითხულობს, ჩასმულ სურათებს ვერ ხედავს. თუ სურათიც მნიშვნელოვანია, ფაილი PDF-ად შეინახე.
იმავე Capabilities გვერდზე არის Allow network egress. ის Claude-ს გამოთვლის დროს ინტერნეტიდან დამატებითი ხელსაწყოების ჩამოტვირთვის საშუალებას აძლევს. ჩვეულებრივი ცხრილის ანალიზისთვის ეს არ გჭირდება, ამიტომ თუ არ იცი, რისთვისაა, არ შეცვალო.
როგორ გააანალიზო Excel ან CSV ცხრილი Claude-ით
ატვირთე ცხრილი და ჯერ სთხოვე: „აღწერე, რა სვეტებია ამ ფაილში და რამდენი სტრიქონი“. ასე შეამოწმებ, სწორად წაიკითხა თუ არა.
მერე დაუსვი კითხვა და დაამატე: „გამოთვალე კოდით“. ასე რიცხვი ზუსტია და ფორმულასაც ხედავ.
სთხოვე დიაგრამა ან ახალი ცხრილი, თუ გჭირდება.
ბოლოს ერთი-ორი ჯამი თვითონ გადაამოწმე Excel-ში, მაგალითად ერთი თვის გაყიდვები. თუ ემთხვევა, დანარჩენ გამოთვლასაც მეტად ენდობი.

როგორ ჩამოტვირთო Claude-ის შექმნილი ფაილი
სთხოვე ფაილი პირდაპირ: „მომეცი Excel ფაილი ფორმულებით“ ან „ეს Word დოკუმენტად გამიკეთე“.
Claude ფაილს შექმნის და მარჯვნივ გახსნის.
ჩამოსატვირთად დააჭირე ჩამოტვირთვის ღილაკს, მაგალითად Download as XLSX. ფაილს Google Drive-შიც შეინახავ, თუ ის დაკავშირებული გაქვს.

ფაილები Claude-ის აპში ტელეფონზე
წერის ველში დააჭირე +-ს: Camera ფოტოს გადაიღებს, Add files ფაილს დაამატებს.
გამოთვლის გადამრთველი ტელეფონზეც არის: მენიუ, შენი სახელი, Settings, Capabilities.
შექმნილ ფაილზე Download-ს რომ დააჭერ, ტელეფონი მას შესაბამის აპში ან გადახედვაში გახსნის.
როგორ გამოიყენო ბიზნესში
მაგალითი: Instagram მაღაზია თვის ბოლოს გაყიდვების ცხრილს ინახავს და უნდა იცოდეს, რომელი პროდუქტი მოაქვს ყველაზე მეტ მოგებას. ცხრილს Claude-ს მისცემ და პასუხს ფორმულებით მიიღებ.
ეს ჩემი Instagram მაღაზიის გაყიდვებია ბოლო 6 თვეზე (სვეტები: თარიღი, პროდუქტი, რაოდენობა, ფასი, თვითღირებულება).
გამოთვალე კოდით:
1. მოგება თითოეულ პროდუქტზე და თვეზე;
2. 5 ყველაზე მომგებიანი და 5 ყველაზე წამგებიანი პროდუქტი;
3. თვიური დინამიკა დიაგრამით.
შედეგი მომეცი Excel ფაილად, ფორმულებით.ატვირთვამდე ცხრილიდან წაშალე კლიენტების სახელები, ტელეფონები და მისამართები. თუ კლიენტის გარჩევა გჭირდება, სახელის ნაცვლად კოდი დაარქვი, მაგალითად C-001.
Claude შენს ცხრილს წუთებში დაითვლის. კურსზე ამ ციფრებით გადაწყვეტ, რომელ პროდუქტზე ან კლიენტზე გააკეთო აქცენტი, შენს ბიზნესზე.
ხშირი პრობლემები
Claude Excel ფაილს ვერ კითხულობს. შეამოწმე, რომ Cloud code execution and file creation ჩართულია (Settings, Capabilities).
CSV-ში ქართული ასოები გაფუჭებულია. Excel-ში შეინახე როგორც CSV UTF-8 და თავიდან ატვირთე.
რიცხვი არასწორია. სთხოვე: „გამოთვალე კოდით და მაჩვენე ფორმულა“. თავში გაკეთებულ გამოთვლაზე უფრო ზუსტია.
ფაილი არ ჩამოიტვირთა. განაახლე გვერდი და ისევ სცადე, ან სთხოვე Claude-ს, ფაილი თავიდან შექმნას.
ხშირი კითხვები
შეუძლია Claude-ს Excel ფაილის შექმნა ფორმულებით?
კი. თხოვნაში დაწერე „ფორმულებით“, თორემ შეიძლება მხოლოდ მზა რიცხვები ჩასვას. ფორმულიან ფაილში ციფრს შეცვლი და შედეგი თვითონ გადაითვლება.
Claude უფასოდ კითხულობს Excel ფაილს?
კი. ფაილების ატვირთვა და გამოთვლა უფასო გეგმაზეც მუშაობს, თუ Cloud code execution and file creation ჩართულია. უბრალოდ, დიდ ფაილზე ლიმიტი უფრო სწრაფად იწურება.
მუშაობს Claude Google Sheets-თან?
კი, თუ Google Sheets-ს დააკავშირებ (Customize, Connectors). ნახე გაიდი Claude და Google Drive, Gmail. ან Sheets-იდან ჩამოტვირთე XLSX ან CSV და ატვირთე.
თვეში ერთხელ: რა შეიცვალა ChatGPT-სა და Claude-ში
ფუნქციები ხშირად იცვლება. მოკლე წერილით გაიგებ, რა შეიცვალა, რას ნიშნავს შენი ბიზნესისთვის და რომელი გაიდი განახლდა. ზედმეტი წერილების გარეშე.
დაკავშირებული გაიდები
წყაროები
ავტორის შესახებ
ნიკო თევდორაშვილი, აზრიონის დამფუძნებელი. 17+ წელი მარკეტინგის გუნდების ხელმძღვანელობაში, 100+ პროექტი 15+ სექტორში. AI უკვე 4 წელია მისი ყველა საკონსულტაციო და სასწავლო პროგრამის ნაწილია.
შემოწმებულია: 20.10.2026. ეკრანები და მენიუს სახელები დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს.



Comments