Claude Artifacts: როგორ შექმნა კალკულატორი, გვერდი ან დოკუმენტი

Artifact არის ცალკე ფანჯარა ჩატის გვერდით, სადაც Claude ქმნის დოკუმენტს, სლაიდებს, ერთგვერდიან საიტს ან პატარა ინტერაქტიულ ხელსაწყოს, მაგალითად ფასის კალკულატორს. უბრალოდ სთხოვ, Claude ქმნის, შენ ცვლი ჩატით ან პირდაპირ და ჩამოტვირთავ ან ბმულით აზიარებ.
Artifact-ის შექმნა უფასო გეგმაზეც შეგიძლია. ბმულით გაზიარება კი ფასიან გეგმებზეა (Pro, Max, Team, Enterprise).
ეს გაიდი Claude AI ქართულად გზამკვლევის ნაწილია.
რა გჭირდება
Claude-ის ანგარიში. შესაქმნელად უფასო გეგმაც საკმარისია, გასაზიარებლად Pro ან მეტი გჭირდება.
კომპიუტერი ბრაუზერით ან Claude-ის აპი კომპიუტერზე. ტელეფონზე Artifact-ს ნახავ, მაგრამ გაზიარების პარამეტრებს ვერ შეცვლი.
ჩართული პარამეტრები Settings, Capabilities-ში: Artifacts და Cloud code execution and file creation.
რა შეიძლება იყოს Artifact
ინტერაქტიული ხელსაწყო: ფასის კალკულატორი, ჯავშნის ღირებულების გამოთვლა, მარტივი ტესტი კლიენტისთვის.
დოკუმენტი (Docs): ერთგვერდიანი შეთავაზება, ფასების ფურცელი, სამუშაოს აღწერა. პირდაპირ შიგნით წერ და ცვლი.
სლაიდები (Slides): მოკლე პრეზენტაცია პარტნიორისთვის ან ბანკისთვის, PowerPoint-ად ჩამოსატვირთი.
დიზაინი (Design): პოსტერი, მენიუ, ერთგვერდიანი საიტის მაკეტი.
დაფა (Dashboard, Beta): ციფრები ერთ ეკრანზე, ფასიან გეგმებზე.
Claude Artifact-ს თვითონაც ქმნის, როცა პასუხი დიდია და ცალკე გამოსაყენებელი, მაგალითად 15 სტრიქონზე გრძელი დოკუმენტი ან კოდი.
როგორ შექმნა Artifact Claude-ში
შეამოწმე პარამეტრები. მარცხნივ ქვემოთ დააჭირე შენს სახელს, აირჩიე Settings, შემდეგ Capabilities. ნაწილში Visuals ჩართე Artifacts, ქვემოთ კი Cloud code execution and file creation (ორივე ლურჯი უნდა იყოს).
გახსენი ახალი ჩატი და დაწერე, რა გინდა: რა ხელსაწყო, ვისთვის და რა ველები ჰქონდეს. ბოლოს დაამატე: „გააკეთე Artifact-ად“. ასე Claude პასუხს ჩატში კი არა, ცალკე ფანჯარაში აწყობს.
Claude ჩატის მარჯვნივ გახსნის ფანჯარას. იქვე გამოსცადე: ჩაწერე რიცხვები და ნახე, სწორად ითვლის თუ არა.
ცვლილება ჩატში სთხოვე, მაგალითად: „დაამატე ველი მიწოდების ფასისთვის“. დოკუმენტში ტექსტის მონიშვნაც შეგიძლია: მონიშნე და დააჭირე Edit with Claude-ს.
დოკუმენტს ან სლაიდებს ჩამოტვირთავ ღილაკით Export: Word, PDF, PowerPoint ან Google Docs.
ყველა შენი Artifact ინახება მარცხენა ზოლში, პუნქტში Artifacts (ჩანართები All, Yours, Shared with you). იქვე, Make something new-ში, ახალს შაბლონით დაიწყებ: Docs, Slides, Design ან Dashboard (Beta).


როგორ გააზიარო Artifact ბმულით
გახსენი Artifact და ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირე Share-ს.
Who has access-ში აირჩიე, ვინ გახსნის. Pro და Max გეგმაზე: Only you ან Anyone with the link. Team-ზე: Only people invited, შენი ორგანიზაცია ან Anyone with the link (თუ ადმინისტრატორმა დაუშვა).
დააკოპირე ბმული და გაუგზავნე. კონკრეტულ ადამიანს ელფოსტით მოწვევაც შეგიძლია, წვდომით Can view ან Can edit.
გაზიარების შესაჩერებლად ისევ Share-ში დააყენე Only you.
ვინც გაზიარებულ Artifact-ს გახსნის, უმეტეს შემთხვევაში Claude-ის ანგარიში დასჭირდება. თუ კლიენტმა მხოლოდ შეთავაზება უნდა ნახოს, ჩამოტვირთე PDF-ად (Export) და ისე გაუგზავნე.
ტელეფონზე
Claude-ის აპში Artifact-ს ნებისმიერ ჩატში სთხოვ და Artifacts-ში ნახავ. გაზიარების პარამეტრები ტელეფონზე არ იცვლება, ამისთვის კომპიუტერი გამოიყენე.
როგორ გამოიყენო ბიზნესში
კონდიციონერების მემონტაჟეს კლიენტი ზარში ფასს ეკითხება. კალკულატორში ჩაწერს სიმძლავრეს, მილის სიგრძეს და სართულს, და ფასს მაშინვე ეტყვის, ზუსტად და ყოველ ჯერზე ერთნაირად.
იგივე გზით აკეთებ ერთგვერდიან შეთავაზებას სასტუმრო სახლისთვის ან ფასების ფურცელს საცხობისთვის. შეცვალე ფრჩხილებში ჩაწერილი ფასები შენით:
შემიქმენი ფასის კალკულატორი, Artifact-ად, ქართულად.
ბიზნესი: კონდიციონერების მონტაჟი თბილისში.
ველები: სიმძლავრე (9000, 12000, 18000 BTU), მილის სიგრძე მეტრებში, სართული, ძველის დემონტაჟი (კი/არა).
ფასები: [ჩაწერე შენი ფასები].
შედეგი: ჯამი ლარში და ქვემოთ დეტალები სტრიქონებად.
დიზაინი მარტივი იყოს და ტელეფონზეც კარგად ჩანდეს.სანამ კალკულატორს გამოიყენებ, სამი ფასი ხელით გადაითვალე და შედეგს შეადარე. თუ ერთი მაინც არ ემთხვევა, Claude-ს სთხოვე, ფორმულა გაჩვენოს და გაასწოროს. ფასის შეცვლისას ახალი ციფრები უბრალოდ ჩატში ჩაწერე.
Artifact-ით ფასის კალკულატორს 15 წუთში ააწყობ. კურსზე წყვეტ, რომელი ფასი და რომელი შეთავაზება მოუტანს შენს ბიზნესს მეტ მოგებას.
ხშირი პრობლემები
პასუხი ჩატში იწერება, Artifact არ იხსნება. შეამოწმე Settings, Capabilities-ში Artifacts და Cloud code execution and file creation, მერე პირდაპირ სთხოვე: „გააკეთე Artifact-ად“.
Artifact შეცდომას აჩვენებს. დააჭირე Try fixing with Claude-ს. თუ არ გასწორდა, ჩატში აღწერე, რას ხედავ და რას ელოდი.
Share ღილაკი არ ჩანს. უფასო გეგმაზე ახალი Artifact-ის გაზიარება არ შეიძლება. ტელეფონზეც გაზიარება არ იცვლება.
ქართული ასოები უცნაურად ჩანს. სთხოვე, ქართული შრიფტი გამოიყენოს, მაგალითად Noto Sans Georgian.
ხშირი კითხვები
Claude Artifacts უფასოა?
შექმნა და რედაქტირება უფასო გეგმაზეც მუშაობს. ბმულით გაზიარება, მონაცემების შენახვა Artifact-ში და სხვა აპებთან დაკავშირება ფასიან გეგმებზეა (Pro, Max, Team, Enterprise).
შემიძლია Claude-ით ვებგვერდი გავაკეთო?
მარტივი ერთგვერდიანი გვერდი, კი. ის Claude-ში ცხოვრობს და მნახველს ანგარიში სჭირდება. თუ გვერდი შენს საიტზე გინდა, Design შაბლონიდან Export HTML ფაილსაც გაძლევს.
Artifact-ში შეყვანილი მონაცემები სად ინახება?
Artifact-ს შეუძლია მონაცემების შენახვა: პირადად შენთვის ან საერთოდ ყველასთვის, ვინც მას იყენებს. საერთო შენახვამდე Claude დასტურს გთხოვს. კლიენტების პირადი მონაცემები საერთო Artifact-ში არ ჩაწერო.
თვეში ერთხელ: რა შეიცვალა ChatGPT-სა და Claude-ში
ფუნქციები ხშირად იცვლება. მოკლე წერილით გაიგებ, რა შეიცვალა, რას ნიშნავს შენი ბიზნესისთვის და რომელი გაიდი განახლდა. ზედმეტი წერილების გარეშე.
დაკავშირებული გაიდები
წყაროები
ავტორის შესახებ
ნიკო თევდორაშვილი, აზრიონის დამფუძნებელი. 17+ წელი მარკეტინგის გუნდების ხელმძღვანელობაში, 100+ პროექტი 15+ სექტორში. AI უკვე 4 წელია მისი ყველა საკონსულტაციო და სასწავლო პროგრამის ნაწილია.
შემოწმებულია: 20.10.2026. ეკრანები და მენიუს სახელები დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს.



Comments