Claude Skills: რა არის უნარები და როგორ ჩართო ან შექმნა

Skills (უნარები) არის Claude-ის მზა ინსტრუქციების პაკეტები კონკრეტული სამუშაოსთვის: მაგალითად, Excel-ის, Word-ის, PowerPoint-ის ან PDF-ის შექმნა, ან შენი ბრენდის სტილით წერა. ჩართავ მარცხენა ზოლში, Customize, Skills-ში, Claude კი skill-ს თვითონ იყენებს, როცა თხოვნას ერგება.
Skills ყველა გეგმაზე მუშაობს, უფასოზეც. შენი skill-ის ატვირთვაც შეგიძლია.
ეს გაიდი Claude AI ქართულად გზამკვლევის ნაწილია.
რა გჭირდება
Claude-ის ანგარიში (ნებისმიერი გეგმა).
ჩართული Cloud code execution and file creation (Settings, Capabilities). ამის გარეშე Skills არ მუშაობს.
კომპიუტერი ბრაუზერით. Skills-ის მართვა კომპიუტერზე უფრო მარტივია.
როგორ ჩართო Skills Claude-ში
მარცხნივ ქვემოთ დააჭირე შენს სახელს, აირჩიე Settings, შემდეგ Capabilities და შეამოწმე, რომ Cloud code execution and file creation ჩართულია.
დახურე პარამეტრები და მარცხენა ზოლში დააჭირე Customize-ს.
ზემოთ აირჩიე ჩანართი Skills. Yours-ში შენი უნარებია, Discover-ში კი ის, რისი დამატებაც შეგიძლია.
Yours-ში ჩართე ან გამორთე უნარები გადამრთველით. Discover-ში საინტერესო skill-ს Try-ით სცდი, +-ით კი შენს სიაში დაამატებ.

Skills, Connectors და Plugins: რა განსხვავებაა
Customize-ში სამი ჩანართია. Skills Claude-ს ასწავლის, როგორ გააკეთოს სამუშაო. Connectors აძლევს წვდომას შენს აპებზე, მაგალითად Gmail-ზე ან Google Drive-ზე. Plugins მზა ნაკრებებია, რომლებშიც რამდენიმე skill და კონექტორი ერთადაა შეკრული.
მზა Skills: რას აკეთებს Claude მათით
Excel: ცხრილის შექმნა და დამუშავება, ფორმულებით.
Word: დოკუმენტის შექმნა, მაგალითად ხელშეკრულების მონახაზი ან შეთავაზება.
PowerPoint: პრეზენტაციის აწყობა.
PDF: PDF-ის შექმნა და დამუშავება.
ამათ ცალკე გამოძახება არ სჭირდება. თუ წერ „მომიმზადე პრეზენტაცია“, Claude PowerPoint-ის skill-ს თვითონ ჩართავს.
როგორ გამოიყენო skill ჩატში
უბრალოდ აღწერე სამუშაო. თუ skill თხოვნას ერგება, Claude მას თვითონ იყენებს.
თუ კონკრეტული skill გინდა, დაასახელე: „გამოიყენე ჩემი ბრენდის skill“. ან წერის ველში დააჭირე +-ს და აირჩიე Skills.
Claude-ის ნაბიჯებში ნახავ, რომელი skill ჩაიტვირთა. თუ არ ჩაიტვირთა, სახელით სთხოვე.

როგორ შექმნა ან ატვირთო შენი skill
Skill არის საქაღალდე მთავარი ფაილით (SKILL.md). ფაილის თავში წერია სახელი (64 სიმბოლომდე) და აღწერა (200 სიმბოლომდე), ქვემოთ კი ინსტრუქცია. აღწერით Claude წყვეტს, როდის გამოიყენოს skill, ამიტომ ის კონკრეტული უნდა იყოს.
უმარტივესი გზა: ჩატში სთხოვე Claude-ს, skill შეგიქმნას და ZIP ფაილად მოგცეს (პრომპტი ქვემოთაა). შემდეგ ატვირთე:
Customize, Skills-ში დააჭირე + Add-ს.
აირჩიე ატვირთვა (Upload a skill).
აირჩიე ZIP ფაილი. ZIP-ში skill-ის საქაღალდე უნდა იდოს და არა ცალკე ფაილები.
skill გამოჩნდება Yours-ში. ჩართე და ჩატში გამოსცადე რამდენიმე თხოვნით.

Skill-ში შეიძლება კოდი იყოს. დააყენე მხოლოდ სანდო წყაროდან და ჯერ გადაათვალიერე ფაილები. თუ skill უცნობ საიტთან დაკავშირებას ითხოვს, არ დააყენო.
რა skill შეიძლება გამოადგეს მცირე ბიზნესს
ბრენდის სტილი: ტონი, ფერები, აკრძალული სიტყვები, ხელმოწერა.
შეთავაზების ფორმატი: რა ნაწილები აქვს შენს კომერციულ შეთავაზებას და რა თანმიმდევრობით.
ფასების ფურცელი: როგორ იწერება ფასი, ფასდაკლება და მიწოდება.
კლიენტის პასუხი: როგორ პასუხობ ხშირ კითხვებს Instagram-ზე ან ელფოსტით.
ერთი skill ერთ სამუშაოს უნდა ეხებოდეს. ასე Claude უფრო ზუსტად ხვდება, როდის ჩართოს.
ტელეფონზე
ჩართული Skills იმავე ანგარიშზე ტელეფონის ჩატებშიც მოქმედებს, რადგან ისინი ანგარიშზეა მიბმული. ჩართვა, გამორთვა და ატვირთვა კომპიუტერზე გააკეთე.
როგორ გამოიყენო ბიზნესში
პატარა საცხობი ყოველ კვირას წერს პოსტებს, მენიუს და ფასების ფურცელს. ერთი skill-ით Claude ყოველ ჯერზე ერთ ტონს, ფასების ფორმატს და ბოლო ხაზს იცავს, და ყოველ ჩატში თავიდან ახსნა აღარ გჭირდება:
შემიქმენი skill ჩემი საცხობისთვის.
სახელი: bakery-brand
აღწერა: გამოიყენე, როცა ვწერ პოსტს, მენიუს ან ფასების ფურცელს ჩემი საცხობისთვის.
ინსტრუქცია: ტონი თბილი და მარტივი, „შენ“ ფორმით; ფასები ლარში; ყოველ პოსტს ბოლოს მისამართი და სამუშაო საათები: [ჩაწერე].
მომეცი ZIP ფაილი, რომ Customize, Skills-ში ავტვირთო.ატვირთვის შემდეგ შეამოწმე: ახალ ჩატში დაწერე „დამიწერე პოსტი ახალ ნამცხვარზე“ და ნახე, Claude-მა skill ჩატვირთა თუ არა და დაიცვა თუ არა შენი წესები. თუ რამე აკლია, ინსტრუქციას დაამატე და თავიდან ატვირთე.
Skill-ით Claude შენს წესებს ყოველ ჯერზე იცავს. კურსზე წყვეტ, რომელი სამუშაო გადასცე Claude-ს და რომელი დატოვო შენს ხელში.
ხშირი პრობლემები
Skills არ ჩანს ან არ მუშაობს. ჩართე Cloud code execution and file creation (Settings, Capabilities). Team გეგმაზე Skills ჯერ ადმინისტრატორმა უნდა დაუშვას.
ატვირთვა ვერ ხერხდება. შეამოწმე: ZIP ზედმეტად დიდი ხომ არ არის, საქაღალდის სახელი skill-ის სახელს ემთხვევა, მთავარი ფაილი (SKILL.md) არსებობს და სახელში ან აღწერაში უცნაური სიმბოლოები არ არის.
Claude skill-ს არ იყენებს. აღწერა უფრო კონკრეტული გახადე ან ჩატში skill სახელით დაასახელე.
ხშირი კითხვები
რით განსხვავდება Skill პროექტისგან?
პროექტი ერთ თემაზე ჩატებს, ფაილებს და ინსტრუქციას აერთიანებს. Skill ნებისმიერ ჩატში მუშაობს და მხოლოდ მაშინ იტვირთება, როცა სამუშაოს ერგება. პროექტებზე წერია გაიდში Claude Projects.
Claude Skills უფასოა?
კი, Skills უფასო გეგმაზეც მუშაობს, თუ გამოთვლა და ფაილების შექმნა ჩართულია. ფასიან გეგმაზე უბრალოდ მეტი ლიმიტი გაქვს.
სად ვიპოვო მზა Skills?
Customize, Skills-ში, ჩანართ Discover-ში. სხვა წყაროდან skill მხოლოდ მაშინ დააყენე, თუ ავტორს ენდობი და ფაილები გადაათვალიერე.
თვეში ერთხელ: რა შეიცვალა ChatGPT-სა და Claude-ში
ფუნქციები ხშირად იცვლება. მოკლე წერილით გაიგებ, რა შეიცვალა, რას ნიშნავს შენი ბიზნესისთვის და რომელი გაიდი განახლდა. ზედმეტი წერილების გარეშე.
დაკავშირებული გაიდები
წყაროები
ავტორის შესახებ
ნიკო თევდორაშვილი, აზრიონის დამფუძნებელი. 17+ წელი მარკეტინგის გუნდების ხელმძღვანელობაში, 100+ პროექტი 15+ სექტორში. AI უკვე 4 წელია მისი ყველა საკონსულტაციო და სასწავლო პროგრამის ნაწილია.
შემოწმებულია: 20.10.2026. ეკრანები და მენიუს სახელები დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს.



Comments