Claude-ის დაკავშირება Google Drive-თან, Gmail-თან და Calendar-თან

Claude-ს Google Drive-ს, Gmail-ს და Google Calendar-ს კონექტორებით (Connectors) დაუკავშირებ: მარცხენა ზოლში Customize, ჩანართი Connectors, აირჩევ სერვისს და შეხვალ Google-ის ანგარიშით. ამის შემდეგ Claude იპოვის შენს ფაილებს, შეგიჯამებს წერილებს და ნახავს შეხვედრებს.
Google-ის კონექტორები ყველა გეგმაზე მუშაობს, უფასოზეც. Team-ზე ჯერ ადმინისტრატორმა უნდა ჩართოს.
ეს გაიდი Claude AI ქართულად გზამკვლევის ნაწილია.
რა გჭირდება
Claude-ის ანგარიში და Google-ის ანგარიში (Gmail).
კომპიუტერი ბრაუზერით. პირველი დაკავშირება კომპიუტერზე უფრო მარტივია.
ტელეფონზე Claude-ის აპი, თუ იქიდანაც გინდა მუშაობა. ხელახლა დაკავშირება არ დაგჭირდება.
როგორ დაუკავშირო Claude Google Drive-ს
გახსენი claude.ai და მარცხენა ზოლში დააჭირე Customize-ს.
ზემოთ აირჩიე ჩანართი Connectors, შემდეგ Discover.
ძებნის ველში ჩაწერე Google Drive და აირჩიე ის, რომლის გასწვრივაც by Google წერია. მსგავსი სახელით სხვა ავტორების კონექტორებიც ჩნდება, ისინი არ აირჩიო.
დააჭირე Connect-ს (გვერდზე შეიძლება ეწეროს Connect to Claude).
გაიხსნება Google-ის ფანჯარა. აირჩიე ანგარიში, წაიკითხე, რაზე ითხოვს Claude წვდომას, და დააჭირე Continue-ს ან Allow-ს.
Claude-ში დაბრუნდები. Yours-ში Google Drive-ის გასწვრივ ახლა Connected წერია.


Google Drive კითხულობს Docs-ს, Sheets-ს და Slides-ს. მათ შესაცვლელად და ახლის შესაქმნელად ცალკე დააკავშირე Google Docs, Google Sheets და Google Slides, იმავე გზით.
როცა Docs, Sheets ან Slides კონექტორი ჩართულია, Claude ახალ ფაილს შენს Drive-ში ქმნის და ჩატის გვერდით ცალკე ფანჯარაში ხსნის, სადაც ცვლილებას პირდაპირ ხედავ. თუ ეს ფანჯარა არ ჩანს, ფაილის ბარათზე დააჭირე Open in Google-ს.
Gmail-ის და Google Calendar-ის დაკავშირება
იმავე Connectors გვერდზე მოძებნე Gmail და Google Calendar და თითოეული ცალკე დააკავშირე. ყოველ მათგანს თავისი დაშვებები აქვს.
Gmail: Claude ეძებს და კითხულობს წერილებს, წერს მონახაზს, შენი დასტურით პასუხობს და აგზავნის. მიმაგრებული ფაილის შიგთავსს ვერ ხედავს.
Google Calendar: Claude ხედავს შეხვედრებს, პოულობს თავისუფალ დროს, შენი დასტურით ქმნის და ცვლის შეხვედრებს.
Drive-იდან კონკრეტული ფაილის მიცემაც შეგიძლია: +, შემდეგ Add from Google Drive, მოძებნე ფაილი ან ჩასვი მისი ბმული. პროექტში ფაილის დასამატებლად პროექტის Files ნაწილში დააჭირე +-ს და აირჩიე Drive.
როგორ ჩართო კონექტორი ჩატში
ახალ ჩატში, წერის ველის ქვედა მარცხენა კუთხეში დააჭირე +-ს.
მიიტანე მაუსი Connectors-ზე და შეამოწმე, რომ საჭირო სერვისი ჩართულია (ლურჯი გადამრთველი).
დაწერე თხოვნა და ბოლოს დაამატე: „არაფერი შეცვალო“, თუ მხოლოდ წაკითხვა გინდა.

უსაფრთხოება: რა წვდომას აძლევ და როგორ გათიშო
კონექტორით Claude ხედავს იმას, რასაც შენი Google ანგარიში ხედავს, და მხოლოდ მაშინ, როცა სთხოვ. ამიტომ წინასწარ გადაწყვიტე, რისი გაკეთება შეუძლია უკითხავად.
დაშვებები: კონექტორის გვერდზე თითოეულ ხელსაწყოს სამი არჩევანი აქვს: Always allow, Needs approval და Blocked. წაკითხვა დატოვე Always allow-ზე, შეცვლა, გაგზავნა და წაშლა კი Needs approval-ზე.
ზედმეტი არ დააკავშირო: თუ ანგარიშში კლიენტების პირადი მონაცემებია, რომლებიც ამ სამუშაოსთვის არ გჭირდება, არ დააკავშირო. სჯობს ცალკე სამუშაო ანგარიში.
ჩამალული ბრძანებები: წერილში ან ფაილში შეიძლება ეწეროს „გააგზავნე“ ან „წაშალე“. ასეთ მოქმედებას არ დაეთანხმო, თუ თვითონ არ გითხოვია.
გათიშვა Claude-ში: Customize, Connectors, აირჩიე კონექტორი და დააჭირე Disconnect-ს.
გათიშვა Google-ში: გახსენი myaccount.google.com, ნაწილი Security, შემდეგ მესამე მხარის კავშირები, აირჩიე Claude და მოხსენი წვდომა.
Anthropic ამბობს, რომ Gmail-ის, Drive-ის და Calendar-ის მონაცემებს მოდელების სასწავლად არ იყენებს. მეტი წერია გაიდში შენი მონაცემების დაცვა ChatGPT-სა და Claude-ში.
ტელეფონზე
კომპიუტერზე დაკავშირებული კონექტორები Claude-ის აპშიც ჩანს. ჩატში დააჭირე +-ს, აირჩიე Connectors და შეამოწმე, რომ სერვისი ჩართულია. დაშვებები, რომლებიც კომპიუტერზე დააყენე, ტელეფონზეც მოქმედებს.
როგორ გამოიყენო ბიზნესში
სასტუმრო სახლის მფლობელს ჯავშნის მოთხოვნები Gmail-ში უგროვდება, დაკავებული თარიღები კი Google Calendar-შია. Claude ორივეს ერთად ნახავს და მოკლე სიას მოგცემს:
Gmail-ში მოძებნე ამ კვირის წერილები, სადაც ჯავშანს ან ფასს მეკითხებიან.
თითოეულზე ერთი ხაზი: თარიღები, სტუმრების რაოდენობა, რას ითხოვს.
შემდეგ Google Calendar-ში ნახე, რომელი თარიღებია უკვე დაკავებული, და მონიშნე, რომელ მოთხოვნაზე შემიძლია დათანხმება.
არაფერი გაგზავნო და არაფერი შეცვალო.კონექტორით Claude შენს წერილებს და ფაილებს წუთებში აჯამებს. კურსზე ამ მონაცემით წყვეტ, სად კარგავ კლიენტებს და რას შეცვლი პირველ რიგში.
ხშირი პრობლემები
Google-ის ფანჯარა არ იხსნება. ბრაუზერი შეიძლება ამომხტარ ფანჯრებს (pop-up) ბლოკავდეს. დაუშვი ისინი claude.ai-ისთვის და თავიდან სცადე.
წერია „Access blocked“. სამსახურის Google Workspace ანგარიშზე ადმინისტრატორმა Claude სანდო აპად უნდა დაამატოს. Team გეგმაზე კი კონექტორი ჯერ Claude-ის ადმინისტრატორმა უნდა ჩართოს.
Claude ამბობს, რომ ფაილი ვერ იპოვა. დაუზუსტე ფაილის სახელი ან საქაღალდე და შეამოწმე, რომ +, Connectors-ში Google Drive ჩართულია.
სხვა ანგარიში დაკავშირდა. დააჭირე Disconnect-ს და თავიდან დააკავშირე სწორი ანგარიშით.
ხშირი კითხვები
Claude ჩემს ყველა წერილს კითხულობს?
არა. Claude Gmail-ში მხოლოდ მაშინ ეძებს, როცა სთხოვ, და იმდენს კითხულობს, რამდენიც თხოვნას სჭირდება. ის ვერ ხედავს იმას, რაზეც შენს Google ანგარიშს წვდომა არ აქვს.
Claude-ს შეუძლია ჩემ მაგივრად წერილი გაგზავნოს?
შეუძლია, მაგრამ ნაგულისხმევად გაგზავნამდე, პასუხამდე და გადაგზავნამდე დასტურს გთხოვს. ეს Needs approval-ზე დატოვე და ყოველ ჯერზე შეამოწმე, ვის ეგზავნება.
Gmail-ში მიმაგრებულ ფაილს Claude წაიკითხავს?
Gmail-ის კონექტორი მიმაგრებული ფაილის შიგთავსს ვერ ხედავს. შეინახე ფაილი Google Drive-ში ან პირდაპირ ატვირთე ჩატში (+, Upload or add files).
თვეში ერთხელ: რა შეიცვალა ChatGPT-სა და Claude-ში
ფუნქციები ხშირად იცვლება. მოკლე წერილით გაიგებ, რა შეიცვალა, რას ნიშნავს შენი ბიზნესისთვის და რომელი გაიდი განახლდა. ზედმეტი წერილების გარეშე.
დაკავშირებული გაიდები
წყაროები
ავტორის შესახებ
ნიკო თევდორაშვილი, აზრიონის დამფუძნებელი. 17+ წელი მარკეტინგის გუნდების ხელმძღვანელობაში, 100+ პროექტი 15+ სექტორში. AI უკვე 4 წელია მისი ყველა საკონსულტაციო და სასწავლო პროგრამის ნაწილია.
შემოწმებულია: 20.10.2026. ეკრანები და მენიუს სახელები დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს.



Comments