Claude Research: ღრმა კვლევა ბაზარზე და კონკურენტებზე, ქართულად

Research Claude-ის ღრმა კვლევის რეჟიმია. Claude ბევრ ძიებას ერთმანეთის მიყოლებით ატარებს, საკითხს სხვადასხვა მხრიდან უყურებს და რამდენიმე წუთში დეტალურ პასუხს გიწერს, წყაროებით.
ჩართავ წერის ველში: +, შემდეგ Research. ეს რეჟიმი მხოლოდ ფასიან გეგმებზეა: Pro, Max, Team და Enterprise.
ეს გაიდი Claude AI ქართულად გზამკვლევის ნაწილია.
რა გჭირდება Claude Research-ისთვის
Claude-ის ფასიანი გეგმა. Pro ღირს $20 თვეში ყოველთვიური გადახდით ან $17 თვეში წლიური გადახდით (20.10.2026-ის მონაცემით, ოფიციალური ფასები).
კომპიუტერი ბრაუზერით, Claude Desktop ან Claude-ის აპი ტელეფონზე.
კარგად ჩამოყალიბებული კითხვა: რა გინდა გაიგო, რისთვის და რა ფორმით.
დრო: თხოვნის დაწერას დაახლოებით 5 წუთი სჭირდება, კვლევას კიდევ რამდენიმე წუთი.
როგორ ჩართო Research Claude-ში
გახსენი claude.ai და დააჭირე New-ს, ან გახსენი შენი პროექტი, რომ Claude-მა შენი ფაილებიც გაითვალისწინოს.
წერის ველის ქვედა მარცხენა კუთხეში დააჭირე +-ს და აირჩიე Research.
წერის ველში გამოჩნდება ლურჯი Research ნიშანი. ეს ნიშნავს, რომ რეჟიმი ჩართულია.
დაწერე კვლევის თხოვნა (ნიმუში ქვემოთაა) და გაგზავნე.
დაელოდე. Claude რამდენიმე წუთს მუშაობს, დიდ თემაზე ზოგჯერ მეტ ხანს. ამ დროს ჩანს, რომელ წყაროებს კითხულობს.
ანგარიში რომ მზად იქნება, გადახედე წყაროებს და მთავარი ციფრები ბმულით გადაამოწმე.
Research-ის გამოსართავად წერის ველში ისევ ლურჯ ნიშანს დააჭირე.


როგორ დაწერო კარგი კვლევის თხოვნა
Research-ის შედეგი თხოვნაზეა დამოკიდებული. რაც უფრო ზუსტად იტყვი, რა გჭირდება, მით ნაკლებ ზედმეტ ტექსტს მიიღებ.
რა: თემა და გეოგრაფია, მაგალითად „თბილისი“ ან „პოლონეთი“.
რისთვის: რა გადაწყვეტილებას იღებ ამ ინფორმაციით.
რა ფორმით: ცხრილი, მოკლე დასკვნა, ფაქტების სია.
წყაროს წესი: ყოველ ფაქტს ბმული და თარიღი, ცალკე ჩამონათვალი იმისა, რაც ვერ დადგინდა.
Research თუ ჩვეულებრივი ვებძიება: რომელი როდის
ჩვეულებრივი ძიება: ერთი-ორი ფაქტი, მაგალითად დღევანდელი კურსი ან კონკურენტის სამუშაო საათები. სწრაფია და ლიმიტს ნაკლებს ხარჯავს. ნახე Claude ვებძიება.
Research: დიდი კითხვა, რომელსაც ბევრი წყარო სჭირდება: ბაზრის მიმოხილვა, კონკურენტების შედარება, ექსპორტის პირობები.
Research ჩვეულებრივ ჩატზე მეტ ლიმიტს ხარჯავს, ამიტომ პატარა კითხვისთვის ნუ ჩართავ.
რა გააკეთო, როცა ანგარიში მზადაა
ანგარიში საწყისი წერტილია, არა საბოლოო პასუხი. იმავე ჩატში შეგიძლია კვლევა გააგრძელო, Claude-ს ყველა წყარო ახსოვს.
გადახედე ბოლო ნაწილს, სადაც Claude წერს, რა ვერ დაადგინა. ეს შენი შემდეგი კითხვებია.
სამი ყველაზე მნიშვნელოვანი ციფრი ბმულით გადაამოწმე. თუ რომელიმე წყაროში არ არის, Claude-ს უთხარი და სხვა წყარო სთხოვე.
სთხოვე მოკლე ვერსია: „ეს ცხრილად შემიჯამე: ფაქტი, ციფრი, წყარო, თარიღი“.
თუ ანგარიში შემდეგაც გამოგადგება, ფაილად შეინახე და შენს პროექტში ატვირთე. ასე Claude მას სხვა ჩატებშიც გამოიყენებს. ნახე Claude პროექტები.
Research-იც ცდება. ყველაზე ხშირი შეცდომა ძველი წლის ციფრი ან სხვა ქვეყნის მონაცემია. რიცხვს, რომელზეც ფულს ხარჯავ, ყოველთვის თვითონ გადაამოწმებ.
Research და შენი Gmail, Drive, Calendar
თუ Google Workspace დაკავშირებული გაქვს, Research ინტერნეტთან ერთად შენს Gmail-ში, Google Calendar-ში და Google Docs-შიც ეძებს. თუ ამას არ აკეთებს, თხოვნაში პირდაპირ დაწერე, რომელ წყაროში მოძებნოს. დაკავშირება აღწერილია გაიდში Claude და Google Drive, Gmail.
Claude Research ტელეფონზე
Claude-ის აპში დააჭირე +-ს: Research აქ გადამრთველით ირთვება. დანარჩენი იგივეა, რაც კომპიუტერზე.
ჩვენი შემოწმებით (20.10.2026) ტელეფონზე Research მხოლოდ ინტერნეტში ეძებს და Gmail-ს ან Drive-ს არ იყენებს. თუ შენს ფოსტაში ან ფაილებშიც ძებნა გინდა, კვლევა კომპიუტერიდან დაიწყე. ეს შეიძლება შეიცვალოს.
როგორ გამოიყენო Claude Research ბიზნესში
მაგალითი: პატარა მეღვინეობა ფიქრობს ღვინის ექსპორტზე პოლონეთში და უნდა იცოდეს, რა ფასად იყიდება იქ ქართული ღვინო და რა მოთხოვნები აქვს იმპორტს. ჩვეულებრივი ძიებით ეს ათობით ცალკე კითხვაა, Research კი ერთ ანგარიშს მოგცემს.
გამოიკვლიე ქართული ღვინის ბაზარი პოლონეთში:
1. ძირითადი იმპორტიორები და მაღაზიების ქსელები, რომლებიც ქართულ ღვინოს ყიდიან;
2. საცალო ფასების დიაპაზონი 0,75 ლ ბოთლზე;
3. იმპორტის ძირითადი მოთხოვნები (ეტიკეტი, აქციზი, სერტიფიკატი).
ყოველ ფაქტს მიუწერე წყარო ბმულით და თარიღი.
ბოლოს ცალკე ჩამოწერე, რა ვერ დაადგინე სანდოდ.Research-ით ბაზრის სურათს ერთ ანგარიშად მიიღებ. კურსზე ამ ანგარიშიდან ირჩევ, რომელ შესაძლებლობას გამოსცდი პირველს, შენი ციფრებით.
ხშირი პრობლემები
+ მენიუში Research არ ჩანს. Research მხოლოდ ფასიან გეგმაზეა. თუ ფასიანი გეგმა გაქვს, განაახლე გვერდი ან აპი.
Research ჩართულია, მაგრამ Claude ჩვეულებრივად პასუხობს. პირდაპირ დაწერე: „გამოიყენე Research და გამოიკვლიე...“.
ლიმიტი სწრაფად იწურება. Research ბევრ წყაროს კითხულობს და მეტს ხარჯავს. ერთი კარგი თხოვნა ხუთ მცირე კვლევას ჯობს.
ანგარიში ძალიან გრძელია. სთხოვე: „ეს ერთ გვერდზე შემიჯამე, ცხრილით“.
ხშირი კითხვები
რამდენ ხანს მუშაობს Claude Research?
ჩვეულებრივ რამდენიმე წუთს. დიდ თემაზე, სადაც ბევრი წყაროა, შეიძლება მეტი დასჭირდეს. ამ დროს Claude-ის ფანჯარა შეგიძლია ღია დატოვო და სხვა საქმე გააკეთო.
Claude Research უფასოდ მუშაობს?
არა. Research მხოლოდ ფასიან გეგმებზეა (Pro, Max, Team, Enterprise). უფასო გეგმაზე ჩვეულებრივი ვებძიება გაქვს, რომელიც პატარა კითხვებისთვის საკმარისია.
შემიძლია Research-ის ანგარიში Word-ად ან PDF-ად ჩამოვტვირთო?
კი, სთხოვე Claude-ს: „ეს ანგარიში Word ფაილად მომეცი“. ამისთვის პარამეტრებში ფაილების შექმნა უნდა იყოს ჩართული, ნახე გაიდი Claude ფაილები და Excel.
თვეში ერთხელ: რა შეიცვალა ChatGPT-სა და Claude-ში
ფუნქციები ხშირად იცვლება. მოკლე წერილით გაიგებ, რა შეიცვალა, რას ნიშნავს შენი ბიზნესისთვის და რომელი გაიდი განახლდა. ზედმეტი წერილების გარეშე.
დაკავშირებული გაიდები
წყაროები
ავტორის შესახებ
ნიკო თევდორაშვილი, აზრიონის დამფუძნებელი. 17+ წელი მარკეტინგის გუნდების ხელმძღვანელობაში, 100+ პროექტი 15+ სექტორში. AI უკვე 4 წელია მისი ყველა საკონსულტაციო და სასწავლო პროგრამის ნაწილია.
შემოწმებულია: 20.10.2026. ეკრანები და მენიუს სახელები დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს.



Comments