ChatGPT Deep research: ღრმა კვლევა წყაროებით, ნაბიჯ-ნაბიჯ

ChatGPT-ის Deep research ბევრ წყაროს კითხულობს და რამდენიმე წუთში დეტალურ ანგარიშს გიწერს, ბმულებით. ჩაირთვება ასე: წერის ველში +, შემდეგ Deep research. რამდენი კვლევა გაქვს, გეგმაზეა დამოკიდებული.
ეს გაიდი ChatGPT ქართულად გზამკვლევის ნაწილია.
რა გჭირდება Deep research-ისთვის
ChatGPT-ის ანგარიში. Free და Go გეგმებზე Deep research შეზღუდულია, Plus-ზე მეტია, Pro-ზე ყველაზე მეტი (20.10.2026-ის მონაცემით, ფასების გვერდი).
კომპიუტერი ბრაუზერით. კვლევის დაწყება და ანგარიშის კითხვა კომპიუტერზე უფრო მოსახერხებელია.
მკაფიო კითხვა: რა გინდა გაიგო, რისთვის გჭირდება და რა ფორმით.
Deep research თუ ჩვეულებრივი ძიება
Web search: ერთი ფაქტი, ფასი ან ბმული. პასუხი წამებში.
Deep research: ბაზრის, კონკურენტების ან თემის მიმოხილვა ბევრი წყაროდან. პასუხი წუთებში, ზოგჯერ მეტ ხანში.
თუ დრო გეჩქარება, ჩვეულებრივი ძიება აირჩიე. ამას OpenAI-იც გირჩევს.
როგორ ჩართო Deep research ChatGPT-ში
გახსენი chatgpt.com და დაიწყე ახალი ჩატი.
წერის ველში დააჭირე +-ს და აირჩიე Deep research. წერის ველში გამოჩნდება წარწერა Deep research.
დაწერე კითხვა: რა გამოიკვლიოს, რისთვის გჭირდება და რა ფორმით გინდა პასუხი (მაგალითად, ცხრილი და მოკლე დასკვნა).
ChatGPT შეიძლება ჯერ დამაზუსტებელი კითხვები დაგისვას ან კვლევის გეგმა გაჩვენოს. გადახედე, საჭიროებისას შეცვალე და დაიწყე.
მუშაობისას პროგრესს ხედავ. თუ მიმართულება შეიცვალა, შეგიძლია შეაჩერო და ფოკუსი დააზუსტო.


როგორ დაწერო კარგი კვლევის კითხვა
რა: თემა, ქვეყანა ან ქალაქი და პერიოდი.
რისთვის: რა გადაწყვეტილებას იღებ. ასე ChatGPT მთავარს მეორეხარისხოვანს არ აურევს.
რა ფორმით: ცხრილი, მოკლე დასკვნა, ციფრები წყაროთი და თარიღით.
რა არ იცი: სთხოვე, ბოლოს ცალკე ჩამოწეროს, რა ვერ დაადასტურა.
OpenAI-ის დახმარების გვერდის მიხედვით, Deep research-ს გვერდითი მენიუდანაც დაიწყებ, ან წერის ველში /Deepresearch ჩაწერით. თუ ასე არ ჩანს, + მენიუ გამოიყენე.
როგორ შეზღუდო კვლევა კონკრეტულ საიტებზე
წერის ველში აირჩიე Sites, შემდეგ Manage sites. ჩაწერე საიტები მძიმით, მაგალითად geostat.ge, nbg.gov.ge.
აირჩევ, მხოლოდ ამ საიტებზე ეძებოს, თუ ჯერ მათ მისცეს უპირატესობა და მერე მთელ ინტერნეტს. ინტერნეტის გარდა Deep research შენს ატვირთულ ფაილებსაც კითხულობს, დაკავშირებულ პლაგინებს (Plugins, მაგალითად Google Drive) კი მხოლოდ წასაკითხად იყენებს.
როგორ წაიკითხო და ჩამოტვირთო ანგარიში
დასრულებული ანგარიში სრულ ეკრანზე იხსნება: სარჩევით, გამოყენებული წყაროების სიით და მუშაობის ისტორიით.
მთავარი ციფრები წყაროების სიიდან თვითონ შეამოწმე: ბმული გახსენი და შეადარე რიცხვი და თარიღი.
ანგარიში ჩამოტვირთე Markdown, Word ან PDF ფორმატში და შეინახე ან გაუზიარე პარტნიორს.
კვლევების რაოდენობა გეგმაზეა დამოკიდებული. რამდენი დაგრჩა, ChatGPT თვითონ გაჩვენებს. თვიური რაოდენობა პირველი გამოყენებიდან ყოველ 30 დღეში განახლდება.
Deep research ტელეფონზე
ტელეფონის აპის + მენიუში Deep research შეიძლება არ ჩანდეს: 20.10.2026-ის მდგომარეობით იქ Camera, Photos, Files, Plugins და Think harder ჩანს.
ამიტომ კვლევა კომპიუტერიდან დაიწყე. ჩატი შენს ანგარიშზეა, ასე რომ, დასრულებულ ანგარიშს ტელეფონზეც გახსნი.
როგორ გამოიყენო Deep research ბიზნესში
მაგალითი: პატარა მეღვინე ფიქრობს, ღვინო პოლონეთში გაიტანოს. სანამ იმპორტიორებს მისწერს, უნდა იცოდეს, ვინ ყიდულობს ქართულ ღვინოს და რა ფასად.
გამოიკვლიე ქართული ღვინის ბაზარი პოლონეთში:
1. რამდენს ყიდულობს პოლონეთი საქართველოდან ბოლო 3 წელს.
2. ძირითადი იმპორტიორები და მაღაზიების ქსელები.
3. თაროს ფასი ბოთლზე.
4. რა მოთხოვნები აქვს იმპორტს.
ყოველ ფაქტს წყარო და თარიღი მიუწერე. ბოლოს ჩამოწერე 3 ყველაზე დიდი უცნობი, რომელიც იმპორტიორთან საუბარში უნდა დავაზუსტო.ანგარიშის მიღების შემდეგ იმავე ჩატში ჰკითხე: „ამ ანგარიშიდან რომელი 3 ფაქტია ყველაზე სუსტად დადასტურებული?“ ასე გეცოდინება, რა შეამოწმო პირველ რიგში.
Deep research-ით ბაზრის ანგარიშს წყაროებით ერთ საათში მიიღებ. კურსზე ამ ანგარიშით გადაწყვეტ, რომელ ბაზარზე და რომელ კლიენტზე გააკეთო ფსონი.
ხშირი პრობლემები
Deep research მენიუში არ ჩანს: ახალი ჩატი გახსენი და ბრაუზერი განაახლე. ფუნქცია გეგმასა და ქვეყანაზეა დამოკიდებული.
ლიმიტი ამოიწურა: დაელოდე განახლებას ან ჩვეულებრივი Web search გამოიყენე.
ანგარიში ძალიან ზოგადია: კითხვაში დაწერე ქვეყანა, პერიოდი, რომელი ციფრები გჭირდება და პასუხის ფორმა.
ანგარიშში ციფრი წყაროს არ ემთხვევა: ეს ციფრი არ გამოიყენო და ჩატში დაწერე, რომ გადაამოწმოს.
ანგარიში ძალიან გრძელია: იმავე ჩატში სთხოვე, მთავარი 5 დასკვნა ერთ გვერდზე ჩამოწეროს, წყაროებით.
ხშირი კითხვები
Deep research უფასოა?
Free გეგმაზე Deep research შეზღუდული რაოდენობითაა. მეტი კვლევა Plus და Pro გეგმებზეა. ზუსტი რაოდენობა პროდუქტშივე ჩანს (20.10.2026-ის მონაცემით).
რამდენ ხანს გრძელდება Deep research?
ჩვეულებრივ რამდენიმე წუთი, რთულ თემაზე მეტიც. თუ პასუხი სწრაფად გჭირდება, ჩვეულებრივი ძიება აირჩიე.
შეუძლია Deep research-ს ჩემი ფაილების გამოყენება?
კი. ატვირთულ ფაილებს კითხულობს, დაკავშირებულ პლაგინებში (მაგალითად, Google Drive) კი მხოლოდ კითხულობს და არაფერს ცვლის. დაკავშირება ცალკე გაიდშია: ChatGPT და Google Drive.
თვეში ერთხელ: რა შეიცვალა ChatGPT-სა და Claude-ში
ფუნქციები ხშირად იცვლება. მოკლე წერილით გაიგებ, რა შეიცვალა, რას ნიშნავს შენი ბიზნესისთვის და რომელი გაიდი განახლდა. ზედმეტი წერილების გარეშე.
დაკავშირებული გაიდები
წყაროები
ავტორის შესახებ
ნიკო თევდორაშვილი, აზრიონის დამფუძნებელი. 17+ წელი მარკეტინგის გუნდების ხელმძღვანელობაში, 100+ პროექტი 15+ სექტორში. AI უკვე 4 წელია მისი ყველა საკონსულტაციო და სასწავლო პროგრამის ნაწილია.
შემოწმებულია: 20.10.2026. ეკრანები და მენიუს სახელები დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს.



Comments