top of page

ChatGPT Slides ქართულად: როგორ შექმნა პრეზენტაცია

Writer: Niko Tevdorashvili
Niko Tevdorashvili
5 days ago
8 min read

ChatGPT Slides-ში პრეზენტაციას ქმნი საუბრის, მონახაზის ან ფაილის მიხედვით. სლაიდებს შემდეგ თავად ასწორებ ან ChatGPT-ს ცვლილებას სთხოვ. ბრაუზერიდან შეგიძლია შედეგი PowerPoint-ში, PDF-ში ან Google Slides-ში გაიტანო. iPhone-ის აპში პრეზენტაციას ჩათით ქმნი და ცვლი, ხელით რედაქტირება და ექსპორტი კი კომპიუტერზეა. ფუნქცია ეტაპობრივად იხსნება Pro, Business და Enterprise ანგარიშებზე, რომლებსაც Space-ზე წვდომა აქვთ.


რას მიიღებ ამ გაიდით?

  • შენი მასალიდან შექმნი პრეზენტაციის პირველ ვერსიას.

  • შეცვლი ერთ სლაიდს ისე, რომ დავალება თავიდან აღარ დაწერო.

  • აირჩევ გასაზიარებელ ან რედაქტირებად ფორმატს და შეამოწმებ შედეგს.


მოკლე პრეზენტაციის შექმნას და გადახედვას დაახლოებით 20-30 წუთი სჭირდება. დრო დამოკიდებულია გენერაციის სიჩქარეზე და იმაზე, რამდენს შეასწორებ.


რა გჭირდება?

  • ChatGPT-ის Pro, Business ან Enterprise ანგარიში, Space-ისა და Slides-ის წვდომით. 2026 წლის 26 ოქტომბრის ოფიციალურ ინსტრუქციაში Free, Go და Plus ამ ფუნქციის ხელმისაწვდომ გეგმებად არ არის ჩამოთვლილი.

  • კომპიუტერი ბრაუზერით (chatgpt.com) ან iPhone-ის ChatGPT აპი. ხელით რედაქტირება და ექსპორტი მხოლოდ კომპიუტერზეა.

  • შენი ტექსტი, მონახაზი ან ფაილი. თუ ბრენდს მიჰყვები, მოამზადე ლოგო, ფერების კოდები და პრეზენტაციის ნიმუში, რომელიც მოგწონს.

  • Google ანგარიში, თუ საბოლოო პრეზენტაციაზე Google Slides-ში გინდა მუშაობა.


Space არის ChatGPT-ში შენახული მასალებისა და საერთო სამუშაოს ადგილი. Slides იქ რედაქტირებად პრეზენტაციად იხსნება.


თუ ChatGPT-ის პირველ გამართვაში გჭირდება დახმარება, ნახე ChatGPT ქართულად: დაიწყე აქ.


1. კომპიუტერზე: დაიწყე Work-იდან (3 წუთი)

ეს გზა ბრაუზერშია, chatgpt.com-ზე. ღილაკების სახელები ისე წერია, როგორც ეკრანზე ჩანს.


  1. გახსენი chatgpt.com და შედი შენს ანგარიშში.

  2. ეკრანის ზედა შუა ნაწილში აირჩიე Work.

  3. ველში Work with ChatGPT ჩაწერე დავალება. საცდელად საკმარისია: „შექმენი ChatGPT Slides პრეზენტაცია Space-ში: სამი სლაიდი სასტუმროს მომსახურებაზე კომპანიებისთვის. გამოიყენე მხოლოდ ეს სამი პუნქტი: ნომრები, საუზმე, შეხვედრების სივრცე. ფასები და სხვა ფაქტები არ დაამატო.“

  4. თუ მასალა ფაილშია, ველის ქვედა მარცხენა კუთხეში დააჭირე + და აირჩიე Add photos & files.

  5. დააჭირე გაგზავნის ისარს ველის მარჯვენა მხარეს.


ChatGPT-ში Work რეჟიმი, დავალების ველი და გაგზავნის ისარი
სქრინი 1. Work, დავალების ველი და გაგზავნის ისარი (კომპიუტერი, chatgpt.com).

ChatGPT-ში ფაილის დამატება: + და Add photos & files
სქრინი 2. ფაილის დამატება: + › Add photos & files.

შედეგი: ChatGPT მუშაობას იწყებს. ჩვენს ცდაში სამსლაიდიანი პრეზენტაცია დაახლოებით წუთნახევარში გაჩნდა. სიტყვები „ChatGPT Slides“ და „Space-ში“ დავალებაში დატოვე: ასე რედაქტირებად პრეზენტაციას მიიღებ და არა მხოლოდ PowerPoint ფაილს.


2. მოამზადე მასალა და სლაიდების მონახაზი (5 წუთი)

  1. დაწერე, ვინ ნახავს პრეზენტაციას და რა უნდა გადაწყვიტოს ნახვის შემდეგ.

  2. მიუთითე სლაიდების რაოდენობა ან გამოსვლის ხანგრძლივობა.

  3. ჩასვი საწყისი ტექსტი ან დაურთე ფაილი.

  4. დაურთე დიზაინის ნიმუში და მიუთითე ფერები და შრიფტი, თუ შენს ბრენდს მიჰყვები.

  5. სთხოვე ChatGPT-ს, სლაიდების აწყობამდე მოკლე მონახაზი გაჩვენოს.


შედეგი: იცი თითოეული სლაიდის მთავარი აზრი. თუ მონახაზში რაღაც აკლია, აქვე ამატებ.


ჩასაკოპირებელი დავალება. კვადრატული ფრჩხილები შენი ინფორმაციით ჩაანაცვლე:


ჯერ მოამზადე 6 სლაიდის მონახაზი და მაჩვენე დასადასტურებლად.
ჩემი დასტურის შემდეგ შექმენი ChatGPT Slides პრეზენტაცია Space-ში.

თემა: ჩვენი სასტუმროს შეთავაზება კომპანიებისთვის.
აუდიტორია: კომპანიები, რომლებიც გუნდურ შეხვედრას გეგმავენ.
მიზანი: დამიკავშირდნენ შეთავაზების დასაზუსტებლად.
ენა: ბუნებრივი, მარტივი ქართული.

წყარო: ქვემოთ ჩასმული ტექსტი და დართული ფაილები.
მასალა: [ჩასვი შენი ტექსტი]

სლაიდების რიგი:
1. რას ვთავაზობთ კომპანიას
2. ვისთვისაა შეთავაზება
3. რა შედის მომსახურებაში
4. როგორია სივრცე და პირობები
5. ფასი და პირობები, მხოლოდ თუ წყაროში წერია
6. შემდეგი ნაბიჯი და საკონტაქტო ინფორმაცია

ერთ სლაიდზე ერთი მთავარი აზრი. ვრცელი ახსნა გადაიტანე მომხსენებლის შენიშვნებში.
რიცხვები, ფასები, კლიენტები და შეფასებები არ მოიგონო.
თუ ინფორმაცია გაკლია, ჯერ ცალკე ჩამომიწერე კითხვები.
თუ კონკრეტული სლაიდისთვის მონაცემი არ გვაქვს, შემომთავაზე სხვა სტრუქტურა.
გამოიყენე დართული დიზაინის ნიმუში და ჩვენი ლოგო.
ფერები: [ძირითადი ფერი], [ტექსტის ფერი], [ფონის ფერი].
შრიფტი: [შენი შრიფტი]. თუ მიუწვდომელია, მითხარი და თვითნებურად არ შეცვალო.

Google Drive-იდან მასალის მოსატანად ნახე Google Drive-ისა და Gmail-ის დაკავშირების გაიდი. ამ სავარჯიშოსთვის საკმარისია მასალის პირდაპირ ჩასმაც.


3. გახსენი შექმნილი პრეზენტაცია (2 წუთი)

  1. დაელოდე, სანამ ჩათში პასუხი და პრეზენტაციის ბარათი გამოჩნდება.

  2. პრეზენტაცია მარჯვნივ იხსნება: მარცხნივ სლაიდების სიაა, შუაში არჩეული სლაიდი.

  3. თუ რედაქტორი დახურე, ჩათში პრეზენტაციის ბარათზე დააჭირე Open.

  4. გადაამოწმე ტექსტი საწყის მასალასთან: ფაქტები, რიცხვები და სათაურები.


ChatGPT Slides რედაქტორი: სლაიდების სია და არჩეული სლაიდი
სქრინი 3. რედაქტორი: სლაიდების სია და არჩეული სლაიდი.

ChatGPT-ის ჩათში პრეზენტაციის ბარათი და ღილაკი Open
სქრინი 4. პრეზენტაციის ბარათი ჩათში და ღილაკი Open.

შედეგი: პრეზენტაცია Space-შია შენახული. მოგვიანებით იპოვი მარცხენა ვიწრო ზოლში: Space, შემდეგ Slides.


4. შეცვალე სლაიდი (5-10 წუთი)

ცვლილების სამი გზა გაქვს. ყველაზე საიმედო ჩათში თხოვნაა.


გზა ა. სთხოვე ჩათში (რეკომენდებული)

  1. რედაქტორის მარცხნივ, ჩათის ქვედა ველში დაწერე, რომელი სლაიდი და რა შეიცვალოს. მაგალითად: „პირველი სლაიდის სათაური შეცვალე: „კომფორტული ნომრები გუნდისთვის“. სხვა სლაიდები და დიზაინი არ შეცვალო.“

  2. გაგზავნე და დაელოდე. ჩვენს ცდაში ცვლილებას 38 წამი დასჭირდა.


ChatGPT Slides-ში სლაიდის ცვლილების თხოვნა ჩათის ველში
სქრინი 5. ცვლილების თხოვნა ჩათის ველში.

ChatGPT Slides-ში ჩათით შეცვლილი სლაიდის სათაური
სქრინი 6. სათაური შეიცვალა, დანარჩენი სლაიდები უცვლელია.

გზა ბ. შეცვალე ხელით

  1. დააჭირე სლაიდზე ტექსტს. ზემოთ გამოჩნდება ხელსაწყოების ზოლი: შრიფტი, ფერი, ზომა და გასწორება.

  2. ტექსტის შესაცვლელად ორჯერ დააჭირე და აკრიფე.


ChatGPT Slides-ში მონიშნული ტექსტის ხელსაწყოების ზოლი
სქრინი 7. მონიშნული ელემენტის ხელსაწყოების ზოლი.

გზა გ. Request edits ერთ ელემენტზე

  1. ზედა ზოლში დააჭირე Request edits. ქვემოთ გამოჩნდება წარწერა Select content and ask for changes.

  2. დააჭირე იმ ელემენტს, რომელიც უნდა შეიცვალოს.

  3. გახსნილ ველში დაწერე ცვლილება და დააჭირე ✓ ნიშანს.

  4. ქვემოთ დააჭირე Send. ✓ მხოლოდ შენიშვნას ინახავს („1 annotation“); Send-ის გარეშე ცვლილება არ დაიწყება.


ChatGPT Slides-ში Request edits რეჟიმის ჩართვა
სქრინი 8. Request edits რეჟიმი და ქვედა მინიშნება.

Request edits: მონიშნული ელემენტი და შენიშვნის ველი
სქრინი 9. მონიშნული ელემენტი და შენიშვნის ველი.

Request edits: 1 annotation და ღილაკი Send
სქრინი 10. 1 annotation და ღილაკი Send.

ყურადღება: 27.10.2026-ის ჩვენს ორ ცდაში Request edits-მა „Working“ აჩვენა, მაგრამ ცვლილება ორ წუთში არ გამოჩნდა. თუ შენთანაც ასე მოხდა, იგივე თხოვნა ჩათში დაწერე (გზა ა).


შედეგი: სლაიდი შენს შენიშვნას შეესაბამება. ყოველი ცვლილების შემდეგ გადახედე, სხვა სლაიდი ხომ არ შეიცვალა.


5. იმუშავე გუნდთან ერთად (2 წუთი)

  1. რედაქტორის ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირე Share.

  2. ველში Add people ჩაწერე თანამშრომლის მეილი.

  3. Link access-ში შეამოწმე, ვის აქვს ბმულით წვდომა. თავიდან წერია Only those invited, ანუ მხოლოდ მოწვეულებს.

  4. დააჭირე Done.


ChatGPT Slides-ის გაზიარება: Add people და Link access
სქრინი 11. Share ფანჯარა: Add people და Link access.

რედაქტირების უფლების მქონე ადამიანებს ერთ პრეზენტაციაზე ერთდროულად მუშაობა შეუძლიათ. კომენტარში შეგიძლია მონიშნო ChatGPT და ცვლილება სთხოვო. მხოლოდ კომენტარის უფლება ცალკე ჯერ არ არსებობს. ფანჯარა გაფრთხილებს: თუ თანამშრომელს ჩართული აქვს მოდელის გაუმჯობესება ან მეხსიერება, გაზიარებული მასალა შეიძლება ამისთვისაც გამოიყენებოდეს.


6. გაიტანე PowerPoint-ში, PDF-ში ან Google Slides-ში (3-5 წუთი)

  1. რედაქტორის ზედა მარჯვენა ზოლში დააჭირე ჩამოტვირთვის ისარს (Share-ის მარცხნივ).

  2. აირჩიე ფორმატი: Download ნაწილში PowerPoint (PPTX) ან PDF, Open in ნაწილში Google Slides.

  3. გახსენი მიღებული ფაილი და შეამოწმე ქართული ტექსტი, შრიფტი, სურათები და სლაიდების რიგი.


ChatGPT Slides-ის ექსპორტი: PowerPoint, PDF და Google Slides
სქრინი 12. ექსპორტის მენიუ: PowerPoint (PPTX), PDF და Google Slides.

PowerPoint (.pptx) აირჩიე რედაქტირებადი ფაილისთვის, PDF წასაკითხად და გასაზიარებლად, Google Slides Google-ში მუშაობის გასაგრძელებლად. გატანილი ფაილი ცალკე ვერსიაა: ChatGPT-ში შეტანილი შემდეგი ცვლილება მასში თავისით არ აისახება.


ბრენდის შესამოწმებლად შეადარე პირველი სლაიდი, ყველაზე გრძელი ტექსტის სლაიდი და ერთი ცხრილი ან დიაგრამა: ფერები, შრიფტი, ლოგო და ქართული ხაზების გადატანა.


შედეგი: გაქვს ფაილი იმ ფორმატში, რომელიც გჭირდება.


სხვა დასაწყისი: ცარიელი პრეზენტაცია Space-იდან

  1. მარცხენა ვიწრო ზოლში დააჭირე Space. პირველ გახსნაზე შეიძლება მისასალმებელი ეკრანი გამოჩნდეს; მაშინ დააჭირე Continue to Space.

  2. ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირე Create.

  3. აირჩიე Slides. იხსნება ცარიელი პრეზენტაცია, რომელსაც ხელით ან ჩათით ავსებ.


ChatGPT Space-ში Create მენიუ და Slides
სქრინი 13. Space, Create და Slides.

7. ტელეფონზე: iPhone-ის ChatGPT აპი (5 წუთი)

ტელეფონზე პრეზენტაციას ჩათით ქმნი და ცვლი. ხელით რედაქტირება და ექსპორტი კომპიუტერზეა. ეკრანები გადაღებულია iPhone-ის ChatGPT აპში 27.10.2026; Android-ის აპი ჯერ არ შეგვიმოწმებია.


  1. გახსენი ChatGPT აპი და ზემოთ აირჩიე Work.

  2. დააჭირე ქვედა ველს Work with ChatGPT და დაწერე დავალება, მაგალითად: „შექმენი ChatGPT Slides პრეზენტაცია Space-ში: ორი სლაიდი სასტუმროს საუზმეზე და შეხვედრების სივრცეზე. ფასები არ დაამატო.“


ChatGPT iPhone აპში Work რეჟიმი და დავალების ველი
სქრინი 14. აპში Work და დავალების ველი (iPhone).

  1. დააჭირე ისარს ველის მარჯვნივ.


ChatGPT iPhone აპში ჩაწერილი დავალება და გაგზავნის ისარი
სქრინი 15. დავალება ჩაწერილია, ისარი აგზავნის.

  1. დაელოდე პასუხს (ჩვენს ცდაში 1 წუთი და 46 წამი) და პრეზენტაციის ბარათზე დააჭირე Open.


ChatGPT iPhone აპში პრეზენტაციის ბარათი და Open
სქრინი 16. პრეზენტაციის ბარათი და ღილაკი Open.

  1. ტელეფონზე სლაიდები მხოლოდ სანახავად იხსნება. ყურადღება: 27.10.2026-ის ცდაში iPhone-ის აპმა სლაიდებზე ქართული ასოები ვერ აჩვენა (კვადრატები ჩანდა), შრიფტის შეცვლისა და Reload-ის შემდეგაც. ფაილი სწორია: კომპიუტერზე ქართული ნორმალურად ჩანს (სქრინი 20). ამიტომ ტელეფონზე შინაარსი ჩათის პასუხით შეამოწმე, სლაიდების იერი კი კომპიუტერზე.

  2. ზედა მარჯვენა … მენიუში მხოლოდ Reload და Share არის. ექსპორტი და ხელით რედაქტირება ტელეფონიდან არ ხდება.


ChatGPT iPhone აპში პრეზენტაციის მენიუ: Reload და Share
სქრინი 17. მენიუ: Reload და Share.

  1. ცვლილებისთვის დაბრუნდი ჩათში, დაწერე, რომელი სლაიდი და რა შეიცვალოს, და გაგზავნე. მაგალითად: „პირველი სლაიდის სათაური შეცვალე: „საუზმე მთელი გუნდისთვის“. სხვა არაფერი შეცვალო.“


ChatGPT iPhone აპში სლაიდის ცვლილების თხოვნა
სქრინი 18. ცვლილების თხოვნა აპის ჩათში.

  1. ChatGPT ცვლილებას ჩათში დაგიდასტურებს (ჩვენს ცდაში 41 წამი).


ChatGPT iPhone აპში ცვლილების დადასტურება
სქრინი 19. ChatGPT-ის დადასტურება.

  1. შესამოწმებლად და ექსპორტისთვის იგივე პრეზენტაცია კომპიუტერზე გახსენი: Space, შემდეგ Slides.


ტელეფონზე შექმნილი პრეზენტაცია კომპიუტერზე, ქართული ტექსტით
სქრინი 20. ტელეფონზე შექმნილი და შეცვლილი პრეზენტაცია კომპიუტერზე; ქართული ნორმალურად ჩანს.

შედეგი: ტელეფონზე შექმნილი პრეზენტაცია Space-შია და კომპიუტერზე სწორად იხსნება.


შეამოწმე, რომ პრეზენტაცია მზადაა

  • ყველა ფასი, ფაქტი და რიცხვი საწყის მასალას ემთხვევა.

  • სათაურები გასაგებია და სლაიდზე ტექსტი თავისუფლად იკითხება.

  • ქართული ასოები, შრიფტი და ხაზების გადატანა სწორად ჩანს.

  • ლოგო და ფერები შენს ბრენდს შეესაბამება.

  • ბოლო სლაიდზე წერია შემდეგი მოქმედება და სწორი კონტაქტი.

  • ექსპორტირებული ფაილი გახსნილია და გაზიარების უფლებები შემოწმებულია.


ყოველდღიური გამოყენება: მზა ფრაზები

„ეს სლაიდი სამ პუნქტამდე შეამცირე. რიცხვები უცვლელად დატოვე.“


„სათაური დაწერე მარტივი ქართულით. შინაარსი და წყარო არ შეცვალო.“


„გრძელი ახსნა გადაიტანე მომხსენებლის შენიშვნებში. ეკრანზე ერთი მთავარი აზრი დატოვე.“


„შეადარე პრეზენტაცია საწყის ტექსტს. ცალკე ჩამომიწერე გამოტოვებული, შეცვლილი და დაუდასტურებელი ინფორმაცია.“


რა არ უნდა ჩასვა პრეზენტაციის დავალებაში?

არ ჩასვა პაროლები, ბარათის მონაცემები ან პირადი ნომრები. კლიენტის სახელისა და პირადი მონაცემების ნაცვლად სასწავლო მაგალითში გამოიყენე ბიზნესის ტიპი. კონფიდენციალური მასალის ატვირთვამდე გადაამოწმე კომპანიის წესები და ანგარიშის მონაცემთა პარამეტრები.



თუ რამე არ მუშაობს

Space ან Slides არ ჩანს. გადაამოწმე გეგმა და სწორი ანგარიში. ფუნქცია ეტაპობრივად იხსნება. ორგანიზაციის ანგარიშზე წვდომა ადმინისტრატორთანაც გადაამოწმე. მხოლოდ ამ ფუნქციის იმედად გეგმის შეცვლამდე ხელმისაწვდომობა დააზუსტე.


რედაქტორის ნაცვლად მხოლოდ PowerPoint ფაილს იღებ. ეს შეიძლება ფაილის შექმნის გზა იყოს. დავალებაში პირდაპირ მიუთითე „ChatGPT Slides პრეზენტაცია Space-ში“. Windows-ის ლოკალურ აპში საჭირო კომპონენტის არქონისას გამოიყენე ღრუბლის რეჟიმი ან ვებვერსია.


შრიფტი შეიცვალა ან ქართული ტექსტი გადაიწია. გადაამოწმე შრიფტის ხელმისაწვდომობა როგორც რედაქტორში, ისე დანიშნულების პროგრამაში. შეამცირე ტექსტი ან მოარგე ტექსტის ველი და ხელახლა გახსენი ექსპორტი.


Google Slides-ში გატანა არ სრულდება. მიჰყევი ეკრანზე ნაჩვენებ შეცდომას ან Google ანგარიშის მოთხოვნას. თუ გზა დროებით არ მუშაობს, გაიტანე .pptx და Google Slides-ში გახსენი. ეს ცალკე გადატანის გზაა და ფორმატირებას ისევ შემოწმება სჭირდება.


შესწორებამ სხვა სლაიდებიც შეცვალა. შემდეგ დავალებაში დაასახელე კონკრეტული სლაიდი და ელემენტი. წინასწარ უთხარი, რომელი ტექსტი, ციფრი და დიზაინის ნაწილი უნდა შეინარჩუნოს.


Request edits-ზე Send დააჭირე, მაგრამ არაფერი შეიცვალა. იგივე თხოვნა ჩათის ველში დაწერე და დაასახელე სლაიდი, მაგალითად „მეორე სლაიდის სათაური შეცვალე: …“. ჩვენს ცდებში ჩათით ცვლილება 40 წამში შესრულდა, Request edits-ით კი ორ წუთში არა.


ტელეფონზე ქართული ტექსტი კვადრატებად ჩანს. ეს iPhone-ის აპის სანახავის ხარვეზია: 2026 წლის 27 ოქტომბრის ცდაში შრიფტის Noto Sans Georgian-ზე შეცვლამ და Reload-მა არ უშველა. ფაილი სწორია. პრეზენტაცია კომპიუტერზე გახსენი: Space, შემდეგ Slides.


გინდა, ასე მთელმა გუნდმა იმუშაოს? კომპანიებისთვის ცალკე პროგრამა გვაქვს: გუნდი AI-ით საკუთარ ყოველდღიურ საქმეებზე მუშაობს. 15 წუთში გეტყვი, როგორ მოერგება შენს კომპანიას.


ხშირი კითხვები

შეიძლება ChatGPT-ით პრეზენტაციის ქართულად შექმნა?

შეგიძლია დავალება და მასალა ქართულად მისცე. მიღებული ტექსტი, ქართული ასოები და ხაზების გადატანა თავად გადაამოწმე, განსაკუთრებით ექსპორტის შემდეგ.


ChatGPT Slides უფასოა?

2026 წლის 26 ოქტომბრის ოფიციალური ინსტრუქციით, Slides ხელმისაწვდომია Pro, Business და Enterprise გეგმებზე Space-ის წვდომით. ყველა ანგარიშზე ფუნქცია ერთდროულად არ იხსნება.


შემიძლია ჩემი შაბლონის გამოყენება?

დიახ. შეგიძლია პრეზენტაციის ნიმუში მიაწოდო სტილისა და განლაგების მისათითებლად. საბოლოო ფერები, შრიფტი და ლოგო მაინც გადაამოწმე.


შემიძლია სლაიდი ხელით შევცვალო?

დიახ. კომპიუტერზე დააჭირე ტექსტს და ზედა ზოლით შეცვალე. ერთ ელემენტზე შეგიძლია Request edits გამოიყენო, მაგრამ ყველაზე საიმედო ჩათში თხოვნაა.


PowerPoint-ში და Google Slides-ში გადატანა შეიძლება?

ოფიციალური ინსტრუქციით, ვებვერსიიდან ექსპორტი შესაძლებელია PowerPoint-ში, PDF-სა და Google Slides-ში. გატანილი ვერსიის შინაარსი და ფორმატირება გამოყენებამდე შეამოწმე.


ტელეფონზე მუშაობს?

დიახ, iPhone-ის ChatGPT აპში Work-ით შეგიძლია პრეზენტაციის შექმნა და ჩათით შეცვლა. ჩვენს ცდაში აპმა სლაიდებზე ქართული ტექსტი კვადრატებად აჩვენა. ხელით რედაქტირება და ექსპორტი მხოლოდ კომპიუტერზეა. Android ჯერ არ შეგვიმოწმებია.


სცადე შენი ბიზნესის მასალაზე

აირჩიე ერთი მოკლე ამოცანა: მომსახურების შეთავაზება, გუნდის შეხვედრის შეჯამება ან პროექტის განახლება. მოამზადე მასალა, შექმენი 5-6 სლაიდი და შეამოწმე, რამდენი შესწორება დაგჭირდა.


რა გაზრდის შენი ბიზნესის მოგებას? შეავსე უფასო ბიზნესბრიფი და მიიღე შენზე მორგებული პასუხი.


წყაროები

ნაბიჯები გავიარეთ 2026 წლის 27 ოქტომბერს, კომპიუტერზე და iPhone-ზე. ფუნქციები და ხელმისაწვდომობა გადამოწმებულია 2026 წლის 26 ოქტომბერს, ოფიციალური ინსტრუქციებით. შენს ანგარიშზე ფუნქცია შეიძლება ჯერ არ იყოს ჩართული.



ავტორის შესახებ

ნიკო თევდორაშვილი, აზრიონის დამფუძნებელი. 17+ წელი მარკეტინგის გუნდების ხელმძღვანელობაში, 100+ პროექტი 15+ სექტორში, ბანკებიდან ტურიზმამდე. AI უკვე 4 წელია მისი ყველა საკონსულტაციო და სასწავლო პროგრამის ნაწილია.


კითხვა გაქვს? მოგვწერე info@azrioni.ai.


აზრიონი · azrioni.ai · აზრიდან მოქმედებისკენ, AI-ით

Recent Posts

See All
ChatGPT Work: როგორ ასრულებს დავალებებს შენს აპებსა და ფაილებში

Work რეჟიმში ChatGPT გრძელ დავალებას თვითონ ასრულებს რამდენიმე ნაბიჯად და მზა დოკუმენტს, ცხრილს ან პრეზენტაციას გაძლევს. ნახე, როგორ ჩართო და როგორ დარჩეს კონტროლი შენთან.

 
 

Comments


Commenting on this post isn't available anymore. Contact the site owner for more info.
bottom of page