top of page

Gemini Notebook (NotebookLM): როგორ იმუშაო შენს მასალებთან Gemini-ში

Writer: Niko Tevdorashvili
Niko Tevdorashvili
5 days ago
10 min read

Gemini Notebook (ყოფილი NotebookLM) Google-ის AI ხელსაწყოა შენს მასალებთან სამუშაოდ: ბლოკნოტში ამატებ ტექსტს, ფაილს ან ვებგვერდს და კითხვას სვამ. ჩვეულებრივი Gemini ჩათისგან განსხვავებით, ბლოკნოტი მასალებს ინახავს და პასუხში აჩვენებს, რომელ წყაროს ეყრდნობა. ბლოკნოტები Gemini-შიც არის, მარცხენა მენიუში (Notebooks), კომპიუტერზეც და ტელეფონის აპშიც. ამ გაიდში შექმნი სატესტო ბლოკნოტს, დაამატებ ტექსტს და შეამოწმებ, რას ეყრდნობა პასუხი.


თუ Gemini-ს პირველად ხსნი, ჯერ ნახე Gemini ქართულად: როგორ დაიწყო.


რით განსხვავდება ჩვეულებრივი Gemini ჩათისგან

ჩვეულებრივ ჩათში ფაილი მხოლოდ იმ ერთ საუბარს ეკუთვნის: ახალ ჩათში ისევ ტვირთავ და კონტექსტს ისევ უხსნი. Gemini კი ზოგადი ცოდნითა და ინტერნეტით გპასუხობს. ბლოკნოტი ერთი თემის სამუშაო სივრცეა, სადაც მასალები, ინსტრუქციები და ამ თემის ჩათები ერთად ინახება.


  • მასალა რჩება. ფაილს ან ტექსტს ერთხელ ამატებ და ყოველ ახალ კითხვაზე ხელახლა ატვირთვა არ გჭირდება.

  • პასუხი წყაროზე მიუთითებს. პასუხს წყაროს ნიშნული ახლავს, ამიტომ ფაქტის შემოწმება მარტივია.

  • ინსტრუქცია ერთხელ იწერება. ბლოკნოტს შეგიძლია მისცე მუდმივი მითითება, მაგალითად რა ტონით ან რა ფორმით გიპასუხოს.

  • ერთი მასალა, ორი აპი. ბლოკნოტი Gemini Notebook-თან სინქრონდება. იქ იმავე მასალიდან ვიდეო მიმოხილვასა და ინფოგრაფიკას გააკეთებ.


როდის გამოიყენო

Google ბლოკნოტს გრძელი, რამდენიმეეტაპიანი საქმისთვის გვირჩევს: მოგზაურობის დაგეგმვა, სამსახურზე განაცხადი, ახალი უნარის სწავლა, ბიზნესგეგმა და გამოცდისთვის მზადება. ბიზნესში ის მაშინ გამოგადგება, როცა ერთსა და იმავე მასალას ხშირად უბრუნდები:


  • მომსახურების პირობები და ფასები, საიდანაც კლიენტებს პასუხებს ამზადებ.

  • ახალი თანამშრომლის ინსტრუქციები და შიდა წესები.

  • ტენდერის, პარტნიორის ან პროექტის დოკუმენტები.

  • ბაზრის კვლევის სტატიები და ანგარიშები.


ერთჯერადი კითხვისთვის, ან როცა საკუთარი მასალა არ გაქვს, ჩვეულებრივი ჩათი საკმარისია.


რას მიიღებ

  • ერთი თემის მასალებს ერთ ბლოკნოტში შეინახავ.

  • კითხვას კონკრეტულ წყაროზე დასვამ.

  • პასუხს საწყის ტექსტს შეადარებ და მიხვდები, რა დასაზუსტებელია.


მაგალითისთვის ავიღებთ საოჯახო სასტუმროს შეთავაზებას. ბიზნესი და ყველა რიცხვი გამოგონილია. შენ იგივე სავარჯიშო შეგიძლია პროდუქტის აღწერით, მომსახურების პირობებით ან სხვა არასაიდუმლო ტექსტით გაიარო.


რა გჭირდება

  • Google ანგარიში და ბრაუზერი: gemini.google.com ან Gemini აპი ტელეფონზე.

  • შენს ანგარიშზე ხელმისაწვდომი ბლოკნოტები და Gemini Notebook-ის კავშირი.

  • ამ გაიდში მოცემული სატესტო ტექსტი.


ფასიანი გამოწერა დასაწყებად აუცილებელი არ არის. Google-ის 2026 წლის 23 ოქტომბრის განცხადებაში პირადი ანგარიშები, Workspace Individual და Google Workspace-ის ყველა კლიენტია ჩამოთვლილი. წყაროების რაოდენობა და სხვა ლიმიტები გეგმაზეა დამოკიდებული. სამუშაო ანგარიშზე წვდომას ადმინისტრატორიც მართავს.


გაიდის მთავარი გზა კომპიუტერის ბრაუზერისთვისაა. ტელეფონის ნაბიჯები ცალკე ნაწილშია. Mac-ის Gemini აპში ბლოკნოტები მუშაობს, მაგრამ @Gemini Notebook კავშირი ჯერ არ არის (Google-ის დახმარების გვერდი, შემოწმდა 2026 წლის 27 ოქტომბერს).


სახელები რომ არ აგერიოს

Gemini Notebook Google-ის ცალკე აპია, რომელსაც ადრე NotebookLM ერქვა. სახელი 2026 წლის 16 ივლისს შეიცვალა.


ბლოკნოტები Gemini-ში იგივე მასალებთან სამუშაო სივრცეებია Gemini-ის მარცხენა მენიუში, Notebooks განყოფილებაში. წყაროები, სახელი და ინსტრუქციები ორ აპს შორის სინქრონდება.


Gemini Notebook-ის კავშირი არის ჩათში ასარჩევი @Gemini Notebook. Google-მა 2026 წლის 23 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ ამ გზითაც შეგიძლია ბლოკნოტის მართვა. კავშირი ანგარიშებზე თანდათან ჩნდება. ჯერ ღილაკებით გასავლელ გზას მიჰყევი; ჩათიდან გზა ცალკეა აღწერილი.


ნაწილი 1. შეამოწმე კავშირი (2 წუთი)

  1. გახსენი Gemini.

  2. მარცხენა მენიუში დააჭირე Customize.

  3. ზედა ჩანართებში აირჩიე Connectors.

  4. მოძებნე Gemini Notebook.

  5. თუ ის Active განყოფილებაშია, დაბრუნდი მთავარ ეკრანზე. თუ Add ჩანს, წაიკითხე მოთხოვნილი წვდომები და გადაწყვიტე, გინდა თუ არა დაკავშირება.


შედეგი: Gemini Notebook აქტიურ კავშირებში ჩანს.


თუ Customize არ ჩანს, გახსენი Settings, შემდეგ Connected Apps. ოფიციალურ ინსტრუქციებში ორივე გზა გვხვდება.


Gemini Notebook აქტიურ კავშირებში, Customize-ის Connectors ჩანართში
სქრინი 1. მე-4 ნაბიჯი: Gemini Notebook აქტიურ კავშირებში ჩანს.

ნაწილი 2. შექმენი ბლოკნოტი ღილაკებით (2 წუთი)

  1. Gemini-ის ზედა მარცხენა კუთხეში დააჭირე მენიუს ღილაკს, თუ გვერდითი მენიუ დამალულია.

  2. მარცხნივ, Notebooks განყოფილებაში დააჭირე New notebook.

  3. კითხვის What are you working on? ქვეშ, ველში Project or idea, ჩაწერე სახელი: „აზრიონის სატესტო სასტუმრო“.

  4. ქვემოთ დატოვე მონიშნული Organize your ideas.

  5. დააჭირე ისარს ველის მარჯვნივ. Enter-იც მუშაობს.


შედეგი: ზემოთ გამოჩნდება შეტყობინება Notebook created. გვერდზე ჩანს ბლოკნოტის სახელი, Add sources ღილაკი და Ask Gemini ველი. ბლოკნოტი მარცხენა მენიუშიც ჩნდება.


Gemini-ში ახალი ბლოკნოტის შექმნა: New notebook, ველი Project or idea, Organize your ideas და ისარი
სქრინი 2. ნაბიჯები 2-5: New notebook, სახელის ველი, Organize your ideas და ისარი. აქ სხვა სატესტო ბლოკნოტის სახელი ჩანს.

შექმნილი ცარიელი ბლოკნოტი Gemini-ში და ღილაკი Add sources
სქრინი 3. შექმნილი ცარიელი ბლოკნოტი. წყაროს დასამატებელი ღილაკი Add sources სახელის მარჯვნივაა.

ნაწილი 3. დაამატე ტექსტი წყაროდ (3 წუთი)

  1. გახსენი შექმნილი ბლოკნოტი.

  2. ბლოკნოტის სახელის გვერდით დააჭირე Add sources. თუ წყარო უკვე დაამატე, ღილაკზე მისი რაოდენობა წერია, მაგალითად 1 Source.

  3. Sources ფანჯარაში აირჩიე Copied text.

  4. გაიხსნება ფანჯარა Add text. ველში Paste your text here ჩასვი ქვემოთ მოცემული მასალა.

  5. დააჭირე Add text.

  6. დაელოდე, სანამ წყაროს ბარათზე წარწერა Processing გაქრება. ჩვეულებრივ რამდენიმე წამი სჭირდება.


სატესტო მასალა. ყველა რიცხვი გამოგონილია.
საოჯახო სასტუმრო: 6 ოთახი.
ნოემბრის ორშაბათიდან ხუთშაბათამდე ნომრის ფასი: 150 ლარი ღამეში.
ფასში შედის საუზმე.
ორი ღამის პაკეტის ფასი: 280 ლარი, საუზმით.
შეთავაზების აუდიტორია: წყვილები, რომლებსაც მშვიდ გარემოში დასვენება სურთ.
ამ ეტაპზე პაკეტს ვთავაზობთ მხოლოდ ჩვენს ვებგვერდზე.
ფასდაკლების დასრულების თარიღი განსაზღვრული არ არის.

შედეგი: წყარო Sources ფანჯარაში ჩანს ავტომატური სახელით, რომელიც Copied text-ით იწყება. ფანჯარა დახურე ზედა მარჯვენა X ღილაკით: ბლოკნოტის გვერდზე Add sources-ის ნაცვლად 1 Source დაიწერება. ჩათის დანართი ბლოკნოტის წყაროდ შენახვის მტკიცებულება არ არის: ეს სწორედ წყაროების სიაში უნდა გადაამოწმო.


Gemini-ის ბლოკნოტის Sources ფანჯარა და Copied text
სქრინი 4. მე-3 ნაბიჯი: Sources ფანჯარა და Copied text.

Add text ფანჯარა ჩასმული ტექსტით და ღილაკი Add text
სქრინი 5. ნაბიჯები 4-5: ჩასმული ტექსტი და Add text. ამ სქრინზე მაგალითი 2-ის სატესტო მასალაა.

ბლოკნოტის ახალი წყარო Processing სტატუსით
სქრინი 6. მე-6 ნაბიჯი: წყარო ჯერ მუშავდება. Processing-ის გაქრობამდე კითხვას ნუ დასვამ.

სხვა მასალისთვის იმავე ფანჯარაში გამოიყენე Upload files ან Add websites. Add from Drive-ს ანგარიშის წვდომა და შესაბამისი პარამეტრები სჭირდება. ამ სავარჯიშოსთვის ისინი საჭირო არ არის.


ნაწილი 4. დასვი კითხვა და შეადარე პასუხი (3 წუთი)

  1. დახურე Sources ფანჯარა ზედა მარჯვენა კუთხის Close ღილაკით.

  2. ბლოკნოტის გვერდზე დააჭირე Ask Gemini ველს.

  3. ჩასვი ქვემოთ მოცემული დავალება.

  4. დააჭირე გაგზავნის ისარს, Send message.

  5. შეადარე პასუხი დამატებულ ტექსტს.

  6. თუ პასუხს წყაროს ბმული ან ციტირების ნიშანი ახლავს, გახსენი იგი. ჩვენს ტესტში TXT ნიშნულმა წყაროს სახელი აჩვენა, ტექსტის მონაკვეთი კი არა.

  7. სრული ტექსტის შესადარებლად დაბრუნდი ბლოკნოტში, გახსენი 1 Source და დააჭირე დამატებული ტექსტის ბარათს. Edit text ფანჯარაში წაიკითხე წყარო; თუ არაფერს ცვლი, დახურე Cancel-ით.


მხოლოდ ამ ბლოკნოტის დამატებული წყაროს მიხედვით მიპასუხე ქართულად:
რა ღირს ორი ღამის პაკეტი და რა შედის მასში?
მიუთითე წყარო და შესაბამისი მონაკვეთი.
რა თარიღამდე მოქმედებს შეთავაზება?
თუ პასუხისთვის მონაცემი არ არის, თქვი „წყაროში არ წერია“.

სწორ პასუხში უნდა ნახო: ორი ღამის პაკეტი 280 ლარია და საუზმე შედის. შეთავაზების დასრულების კონკრეტული თარიღი არ უნდა მოიგონოს: წყაროში წერია, რომ ის განსაზღვრული არ არის.


ჩვენი ტესტის შედეგი: Gemini-მ ქართულად სწორად დააბრუნა 280 ლარი და საუზმე. თარიღზე მიუთითა, რომ წყაროში განსაზღვრული არ არის. TXT-ით გაიხსნა წყაროს სახელის ბარათი; შემდეგ 1 Source-იდან თავად დამატებული ტექსტიც გადავამოწმეთ.


Gemini-ის ქართული პასუხი: ორი ღამის პაკეტი 280 ლარია, საუზმე შედის და დასრულების თარიღი განსაზღვრული არ არის
სქრინი 7. მე-5 ნაბიჯი: რეალური ქართული პასუხი და TXT წყაროს ნიშნულები.

წყაროს ტექსტი Edit text ფანჯარაში: ორი ღამის პაკეტი 280 ლარი, საუზმით, და განუსაზღვრელი დასრულების თარიღი
სქრინი 8. მე-7 ნაბიჯი: წყაროში იგივე ფასი, საუზმე და თარიღის პირობა წერია. წაკითხვის შემდეგ Cancel-ით დახურე.

თუ პასუხი 300 ლარს ასახელებს, მან პაკეტის ცალკე ფასი გამოტოვა და ორი ღამის ჩვეულებრივი ფასი შეკრიბა. მიუთითე წყაროში პაკეტის წინადადება და სთხოვე პასუხის გასწორება. ჩვენს ტესტში ეს არ მომხდარა, მაგრამ ასეთი შეცდომა შესაძლებელია.


ბლოკნოტის ჩათში Gemini შეიძლება ინტერნეტშიც ეძებდეს. ამიტომ დაწერე „მხოლოდ დამატებული წყაროს მიხედვით“. ცალკე Gemini Notebook აპში პასუხები ბლოკნოტის წყაროებს ეყრდნობა. ორივე შემთხვევაში მნიშვნელოვან ფაქტს შენ ამოწმებ.



გინდა, ასე მთელმა გუნდმა იმუშაოს? კომპანიებისთვის ცალკე პროგრამა გვაქვს: გუნდი AI-ით საკუთარ ყოველდღიურ საქმეებზე მუშაობს. 15 წუთში გეტყვი, როგორ მოერგება შენს კომპანიას.


მაგალითი 2: სილამაზის სალონის ხშირი კითხვები

იგივე ხერხი ნებისმიერ ბიზნესში მუშაობს. ამ მაგალითში შევქმენით ბლოკნოტი „სატესტო სილამაზის სალონი“ და წყაროდ ფასები და წესები დავამატეთ. შედეგად მივიღეთ Instagram-ის ხშირ კითხვებზე მზა პასუხები. სალონი და ყველა რიცხვი გამოგონილია.


წყარო, Copied text-ით:


სილამაზის სალონი, 3 ოსტატი.
ქალის თმის შეჭრა: 40 ლარი.
თმის შეღებვა: 90 ლარიდან. საბოლოო ფასი თმის სიგრძეზეა დამოკიდებული.
მანიკიური გელით: 45 ლარი.
სამუშაო საათები: ორშაბათიდან შაბათამდე, 10:00-დან 20:00-მდე. კვირას დაკეტილია.
ჯავშანი: ტელეფონით ან Instagram-ით.
ჯავშნის გაუქმება: მინიმუმ 3 საათით ადრე.
ახალ სტუმარს პირველ ვიზიტზე 10% ფასდაკლება.
ბარათით გადახდა შესაძლებელია.

დავალება ბლოკნოტის Ask Gemini ველში:


მხოლოდ ამ ბლოკნოტის წყაროს მიხედვით მოამზადე პასუხები სტუმრების 5 ხშირ კითხვაზე Instagram-ისთვის: ფასები, სამუშაო საათები, ჯავშანი, გაუქმება და ფასდაკლება. თითო პასუხი 1-2 წინადადება. ბოლოს ცალკე ჩამოწერე, რომელ კითხვებს ვერ პასუხობს წყარო, მაგალითად პარკინგი ან კაცის თმის შეჭრა.

ჩვენი ტესტის შედეგი, 27.10: Gemini-მ ხუთივე პასუხი ქართულად და წყაროს ფარგლებში დაწერა: 40, 45 და 90 ლარიდან, სამუშაო საათები, ჯავშნის გზები, 3 საათით ადრე გაუქმება და 10% ფასდაკლება. ყოველ პასუხს TXT ნიშნული ახლდა. ცალკე მიუთითა, რომ წყარო პარკინგსა და კაცის მომსახურებაზე არაფერს ამბობს. გამოგონილი ფაქტი არ დაუმატებია.


Gemini-ის ქართული პასუხი ბლოკნოტის წყაროდან: სალონის ხუთი ხშირი კითხვა და ის, რასაც წყარო ვერ პასუხობს
სქრინი 9. მაგალითი 2-ის რეალური პასუხი: 1 არის ხუთი პასუხი წყაროს ნიშნულებით, 2 არის ის, რასაც წყარო ვერ პასუხობს.

რა შეამოწმო გამოქვეყნებამდე: ყოველი ციფრი წყაროს შეადარე; ის, რაც წყაროში არ წერია, შენ დაამატე ან სტუმარს პირადად უპასუხე. ამ მაგალითში პასუხი პირველ ცდაზე არ გამოჩნდა, მეორე ცდაზე და გვერდის განახლების შემდეგ კი სრულად ჩანდა. ნახე ნაწილი „თუ რამე არ მუშაობს“.


სხვა ბიზნესის მზა შაბლონები

ეს სამი შაბლონი სტრუქტურით იგივეა, რაც გატესტილი მაგალითი. თავად შაბლონები ცალკე არ გაგვიტესტავს: ჩასვი შენი ტექსტი და პასუხი წყაროს შეადარე.


კაფე ან რესტორანი. წყარო: მენიუ ფასებით, სამუშაო საათები, მიწოდების პირობები. დავალება:


მხოლოდ ამ წყაროთი დაწერე 6 მოკლე პასუხი სტუმრების კითხვებზე: ფასები, ვეგეტარიანული კერძები, მიწოდება, სამუშაო საათები, ჯავშანი და გადახდა. რასაც წყარო არ ამბობს, ცალკე ჩამოწერე.

ონლაინ მაღაზია. წყარო: მიწოდების ვადები და ფასი, დაბრუნების წესი, გადახდის გზები. დავალება:


მხოლოდ ამ წყაროთი მოამზადე პასუხები ხშირ კითხვებზე: რამდენ დღეში მოდის შეკვეთა, რა ღირს მიწოდება, როგორ დავაბრუნო ნივთი. ყოველ პასუხს მიუთითე წყაროს წინადადება.

ტურისტული სააგენტო. წყარო: ტურის პროგრამა, ფასი, რა შედის და რა არა. დავალება:


მხოლოდ ამ წყაროთი შეადგინე ცხრილი: დღე, აქტივობა, რა შედის ფასში, რა არ შედის. ბოლოს ჩამოწერე 3 კითხვა, რომელიც კლიენტმა შეიძლება დასვას და წყარო ვერ პასუხობს.

იგივე ჩათიდან, Google-ის ინსტრუქციით

Google აღწერს ბლოკნოტების მართვას ჩათიდანაც, @Gemini Notebook-ით. ჩვენს 2026 წლის 27 ოქტომბრის ტესტში ეს გზა არ იმუშავა (იხ. ქვემოთ), ამიტომ ჯერ ღილაკებით გზა გამოიყენე. თუ მაინც სცდი, კავშირი სიიდან აირჩიე; მხოლოდ სახელის აკრეფას ნუ დაეყრდნობი.


თუ Keep Activity გამორთული გაქვს, Google-ის კონფიდენციალურობის გვერდის მიხედვით დაკავშირებული აპები შეიძლება მიუწვდომელი იყოს. გვერდი Gemini Notebook-ს ცალკე არ ასახელებს. თუ კავშირი არ მუშაობს, ღილაკებით გზა გამოიყენე.


  1. გახსენი New chat.

  2. შეტყობინების ველში ჩაწერე @ და შემდეგ note: სია გაიფილტრება.

  3. Connectors განყოფილებაში აირჩიე Gemini Notebook. ველში გამოჩნდება მუქი @Gemini Notebook.

  4. მის შემდეგ ჩაწერე ან ჩასვი ქვემოთ მოცემული დავალება.

  5. გაგზავნე და Notebooks-ში შეამოწმე, მოქმედება ნამდვილად შესრულდა თუ არა.


შექმენი ბლოკნოტი სახელით „აზრიონის სატესტო სასტუმრო“.
ჯერ წყაროები არ დაამატო. მიპასუხე ქართულად.

თუ ამ სახელის ბლოკნოტი უკვე გაქვს, გამოიყენე სხვა სახელი. უკვე შექმნილზე შეგიძლია სთხოვო: „ჩამოთვალე ბლოკნოტის ‘აზრიონის სატესტო სასტუმრო’ წყაროები“.


ჩვენი ტესტი, 27.10: სამუშაო ანგარიშზე @Gemini Notebook-ით ბლოკნოტის „სატესტო სილამაზის სალონი“ წყაროების ჩამოთვლა ვთხოვეთ. Gemini-მ ქართულად უპასუხა, რომ პირად ბლოკნოტებზე წვდომა არ აქვს, და ბლოკნოტის აპში გადასვლა გვირჩია. ამიტომ ეს გზა ჯერ ძირითად სავარჯიშოდ ნუ გამოიყენებ. თუ მოქმედება არ სრულდება, დაბრუნდი ნაწილ 2-ში; განმეორებით გაგზავნამდე შეამოწმე, ბლოკნოტი უკვე ხომ არ შექმნილა.


Gemini-ის ჩათში @ მენიუ და Gemini Notebook კავშირი Connectors სიაში
სქრინი 10. ნაბიჯები 2-3: @note და Gemini Notebook Connectors სიაში.

@Gemini Notebook და დავალება Gemini-ის ჩათის ველში
სქრინი 11. მე-4 ნაბიჯი: @Gemini Notebook და დავალება ერთ ველში.

Gemini-ის პასუხი: ჩათიდან ბლოკნოტზე წვდომა არ აქვს
სქრინი 12. ჩვენი ტესტის პასუხი: ჩათიდან ბლოკნოტზე წვდომა არ მოგვცა.

ტელეფონზე როგორ გაიარო

Gemini აპი iPhone-ზე 2026 წლის 27 ოქტომბერს შევამოწმეთ. ჩანს მენიუ, ბლოკნოტის შექმნის ეკრანი, წყაროების გვერდი, Copied text და პასუხი წყაროს ნიშნულით. ქართული ტექსტი აპში სწორად ჩანს. სასწავლო ბლოკნოტი და კითხვა ამ ტესტში კომპიუტერიდან შეიქმნა და ტელეფონზე სინქრონით გამოჩნდა; ტელეფონიდან სრული შექმნა ბოლომდე არ გაგვივლია. Android-ზე არ შემოწმებულა.


  1. გახსენი Gemini აპი.

  2. ზედა მარცხენა კუთხეში შეეხე მენიუს ღილაკს.

  3. Notebooks-ის ქვეშ შეეხე New notebook-ს.

  4. ველში Project or idea ჩაწერე ბლოკნოტის სახელი. Organize your ideas დატოვე.

  5. შეეხე Create notebook-ს ეკრანის ქვედა ნაწილში.

  6. ბლოკნოტში შეეხე წყაროების ღილაკს სახელის გვერდით. ცარიელ ბლოკნოტში მას Add sources ჰქვია, წყაროს დამატების შემდეგ Sources.

  7. Sources გვერდზე შეეხე + ღილაკს და აირჩიე Copied text. ჩასვი ნაწილი 3-ის ტექსტი.

  8. დაბრუნდი ბლოკნოტში, Ask Gemini ველში ჩასვი ნაწილი 4-ის კითხვა და გაგზავნე.

  9. პასუხში File ნიშნული წყაროზე მიუთითებს. პასუხი იმავე კრიტერიუმებით შეამოწმე.


Gemini აპი iPhone-ზე: მენიუ და New notebook
სქრინი 13. ტელეფონი, მე-3 ნაბიჯი: New notebook მენიუში.

Gemini აპი iPhone-ზე: ბლოკნოტის სახელის ველი და Create notebook
სქრინი 14. ნაბიჯები 4-5: სახელის ველი და Create notebook.

Gemini აპი iPhone-ზე: ბლოკნოტი, წყაროების ღილაკი და Ask Gemini ველი
სქრინი 15. ნაბიჯები 6 და 8: წყაროების ღილაკი და Ask Gemini ველი.

Gemini აპი iPhone-ზე: Sources გვერდი და + ღილაკი
სქრინი 16. მე-7 ნაბიჯი: + ღილაკი Sources გვერდზე.

Gemini აპი iPhone-ზე: წყაროს დამატების მენიუ და Copied text
სქრინი 17. მე-7 ნაბიჯი: Copied text ჩამონათვალში. იქვეა Camera, Photos, Files, Drive და Website.

Gemini აპი iPhone-ზე: ქართული პასუხი File ნიშნულებით
სქრინი 18. მე-9 ნაბიჯი: მაგალითი 2-ის პასუხი ტელეფონზე, File ნიშნულებით.

თუ Keep Activity გამორთული გაქვს

თუ საწყისი Gemini-ის გაიდის მიხედვით Keep Activity გამორთე, ყველაფრის თავიდან ჩართვა საჭირო არ არის. Google-ის ბლოკნოტების დახმარების გვერდის მიხედვით, ბლოკნოტთან საუბარი გამორთულზეც შეგიძლია.


შეზღუდვებია: ბლოკნოტში ჩათების ავტომატური შენახვა, წინა ჩათების მეხსიერებად გამოყენება, არსებული ჩათის დამატება და Google Drive-იდან წყაროები. ამ სავარჯიშოში ამიტომ Copied text გამოიყენება.


პირად ანგარიშზე ჩართულ Keep Activity-ს ჩათების Google-ის AI მოდელების გაუმჯობესებისთვის გამოყენებაც შეიძლება მოჰყვეს. ჩართვა შენი არჩევანია. Workspace ანგარიშზე პარამეტრსა და მონაცემთა პირობებს ორგანიზაციაც მართავს; პირადი ანგარიშის წესი მას ავტომატურად არ მიესადაგება.


როგორ გამოიყენო ყოველდღიურ საქმეში

სწორი ბლოკნოტისა და წყაროების შემოწმების შემდეგ სცადე:


ამ ბლოკნოტის წყაროებით მომიმზადე შეთავაზების მონახაზი.
გამოიყენე მხოლოდ მოცემული პირობები.
ცალკე ჩამომიწერე, რა უნდა დავაზუსტო გამოქვეყნებამდე.
შეადარე ბლოკნოტის ორი შეთავაზება.
ცხრილში აჩვენე ფასი, რა შედის და რა რჩება გაურკვეველი.
ყოველ ფაქტს მიუთითე შესაბამისი წყარო.
ამ მასალით მოამზადე პასუხები სტუმრების ხშირ კითხვებზე.
რომელ კითხვასაც წყარო ვერ პასუხობს, ცალკე ჩამომიწერე.

ერთ-ერთი ასეთი დავალების რეალური შედეგი ნახე მაგალითში 2, სქრინი 9.


Customize და Skills რაში გამოგადგება

Skill (უნარი) განმეორებადი დავალების წინასწარი ინსტრუქციაა. მაგალითად, შეგიძლია განსაზღვრო შეთავაზების ფორმა: მოკლე შესავალი, რა შედის ფასში და რა უნდა დააზუსტოს კლიენტმა. წესები Customize, შემდეგ Skills-ში იმართება. ფასები და პირობები კი ბლოკნოტის წყაროებში შეინახე.


Gems წინა სისტემაა და არა უბრალოდ Skills-ის ძველი სახელი. Google-ის გეგმით, 2026 წლის 17 ნოემბერს Gems პარამეტრებში გადავა; მათი საბოლოო ჩანაცვლება და Skills-ის მონახაზებად გადატანა მოგვიანებით მოხდება. არსებული Gem-ის წაშლა ამ გაიდისთვის საჭირო არ არის.


როგორ დაიცვა ინფორმაცია

  • ჯერ სატესტო ან საჯარო მასალა გამოიყენე. პაროლი, ბარათის ნომერი, პირადი ნომერი და კლიენტის პირადი მონაცემები არ ჩასვა.

  • სამუშაო ფაილებზე ორგანიზაციის მიერ ნებადართული ანგარიში გამოიყენე.

  • კავშირის გათიშვა Gemini Apps Activity-ში შენახულ მონაცემებს არ შლის. Keep Activity-ის გამორთვაც ბლოკნოტში შენახულ მასალებს არ შლის.

  • Gemini-ში ბლოკნოტის წაშლა მის წყაროებსა და ჩათებსაც შლის. თუ ბლოკნოტს ცალკე Gemini Notebook აპიდან წაშლი, Gemini-ის საუბრები მთავარ ჩათების სიაში ბრუნდება. საჭირო მასალა წინასწარ შეინახე.



თუ რამე არ მუშაობს

Notebooks ან Gemini Notebook არ ჩანს. შეამოწმე ანგარიში და ვებვერსია. სამუშაო ანგარიშზე ადმინისტრატორს ჰკითხე, ორივე სერვისი დაშვებულია თუ არა. ფუნქცია ყველა ანგარიშზე ერთდროულად შეიძლება არ გამოჩნდეს.


Add sources აღარ წერია. დამატების შემდეგ იმავე ღილაკზე წყაროების რაოდენობა ჩანს, მაგალითად 1 Source. დააჭირე ამ ღილაკს.


კითხვაზე პასუხი არ მოდის. ჯერ წყაროს დამუშავებას დაელოდე. თუ ერთ წუთზე მეტხანს მხოლოდ ჩატვირთვის ნიშანი ჩანს, განაახლე გვერდი და ბლოკნოტის Past chats-იდან გახსენი ჩათი. ჩვენს ტესტში ერთი პასუხი მხოლოდ გვერდის განახლების შემდეგ გამოჩნდა, ერთი კი ცარიელი დარჩა და განმეორებით გაგზავნა დაგვჭირდა. მოდელს (Flash, Thinking, Pro) ველის მარჯვნივ შეცვლი. დაუმთავრებელი პასუხი მიღწეულ შედეგად არ ჩათვალო.


პასუხი ზოგადია ან წყარო არ ჩანს. გადაამოწმე ბლოკნოტი და წყაროების სია. თავიდან დასვი კითხვა შეზღუდვით „მხოლოდ ამ წყაროთი“. წყაროს ციტირების გარეშე ნახვაც შეგიძლია წყაროების ღილაკიდან.


Drive-იდან ფაილი არ ემატება. შეამოწმე ფაილზე წვდომა და ზემოთ აღწერილი Keep Activity-ის შეზღუდვა. საჭირო წვდომის გარეშე სამუშაო ფაილი სხვა ანგარიშში არ გადაიტანო. სავარჯიშო Copied text-ით გააგრძელე.


ხშირი კითხვები

NotebookLM და Gemini Notebook ერთი პროდუქტია?

დიახ. Google-მა სახელის შეცვლა 2026 წლის 16 ივლისს გამოაცხადა. ცალკე აპი შენარჩუნდა და Gemini-სთანაცაა დაკავშირებული.


Gemini Notebook ქართულად მუშაობს?

დიახ. ქართული Gemini Notebook-ის ვებვერსიის მხარდაჭერილ ენებს შორისაა. ჩვენს ტესტში ქართულ კითხვაზე სწორი პასუხი ქართულადვე მივიღეთ. ცალკეულ ფუნქციებს განსხვავებული ენობრივი მხარდაჭერა აქვს; ყველა ბრძანება ყველა ანგარიშზე ერთნაირად შეიძლება არ შესრულდეს.


ბლოკნოტი ჩათიდანაც შემიძლია შევქმნა?

Google აღწერს @Gemini Notebook-ით ბლოკნოტების მართვასაც. ჩვენს 2026 წლის 27 ოქტომბრის ტესტში ამ გზით წყაროების ჩამოთვლაც ვერ მოხერხდა: Gemini-მ ბლოკნოტზე წვდომა არ მოგვცა. ამ გაიდის ძირითადი გზა ღილაკებითაა; ჩათის ბრძანება ზემოთ ცალკეა მოცემული.


ძველი ჩათი როგორ გადავიტანო ბლოკნოტში?

გვერდით მენიუში ჩათის გვერდით გახსენი More, შემდეგ Add to notebook, თუ ეს არჩევანი ხელმისაწვდომია და შესაბამისი შენახვის პარამეტრები ჩართულია. Google-ის დახმარების გვერდი წერს, რომ არსებული ჩათის მთლიანად დამატება @Gemini Notebook კავშირით არ ხდება. 2026 წლის 23 ოქტომბრის განცხადებაში ნახსენები ჩათის ასლის წყაროდ დამატება სხვა მოქმედებაა.


უფასო ანგარიში საკმარისია?

დასაწყებად, ფუნქციის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, კი. წყაროებისა და გამოყენების ლიმიტები გეგმაზეა დამოკიდებული. მხოლოდ ამ სავარჯიშოსთვის ფასიანი გეგმის შეძენა საჭირო არ არის.


წყაროები

  1. Google: NotebookLM is now Gemini Notebook · 16.07.2026.

  2. Google Workspace Updates: ბლოკნოტების მართვა Gemini-ს ჩათიდან · 23.10.2026.

  3. Google Help: ბლოკნოტები Gemini-ში, კომპიუტერი და მობილური · შემოწმდა 26.10.2026.

  4. Google Workspace Updates: Skills და Gems-ის ცვლილება · 30.09.2026, განახლებებით.

  5. Google Help: Connected Apps · შემოწმდა 26.10.2026.

  6. Google Workspace Updates: Customize · 21.10.2026.

  7. Google: Gemini Apps Privacy Hub · განახლებულია 23.10.2026.

  8. Google Help: Gemini Notebook-ის პასუხის ენა · შემოწმდა 26.10.2026.

  9. Google Help: Gemini Notebook-ისა და Gemini-ის კავშირი · შემოწმდა 26.10.2026.


ავტორის შესახებ

ნიკო თევდორაშვილი, აზრიონის დამფუძნებელი. 17+ წელი მარკეტინგის გუნდების ხელმძღვანელობაში, 100+ პროექტი 15+ სექტორში, ბანკებიდან ტურიზმამდე. AI უკვე 4 წელია მისი ყველა საკონსულტაციო და სასწავლო პროგრამის ნაწილია.


რა გაზრდის შენი ბიზნესის მოგებას? შეავსე უფასო ბიზნესბრიფი და მიიღე შენზე მორგებული პასუხი. გუნდისთვის ნახე პროგრამა კომპანიებისთვის.



გაქვს კითხვა? მოგვწერე: info@azrioni.ai.


ეს ჩვენი რეკომენდაციაა. რას და როგორ გააკეთებ, შენ წყვეტ, და შედეგზეც შენ ხარ პასუხისმგებელი. ფაქტებს და ციფრებს ვამოწმებთ, მაგრამ შედეგს ვერ დაგპირდებით.


განახლდა: 2026 წლის 27 ოქტომბერი · აზრიონი · azrioni.ai · აზრიდან მოქმედებისკენ, AI-ით

Recent Posts

See All
Gemini ქართულად: როგორ დაიწყო და რა უნდა იცოდე

Gemini Google-ის AI ასისტენტია და ქართულადაც მუშაობს. ნახე, რა შედის უფასო გეგმაში, როგორ გამორთო სწავლება შენს ჩათებზე და როგორ დაწერო პირველი ბიზნეს პრომპტი.

 
 
ChatGPT, Claude თუ Gemini: რომელი მოერგება შენს მცირე ბიზნესს

სამივე ქართულად წერს და მცირე ბიზნესის ყოველდღიურ საქმეს ასრულებს. განსხვავება ფასში, ხელსაწყოებთან კავშირსა და პარამეტრებშია. ნახე ცხრილი და ამოცანების მიხედვით შედარება.

 
 

Comments


Commenting on this post isn't available anymore. Contact the site owner for more info.
bottom of page